სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს გასვლითი სხდომა ნინოწმინდაში გაიმართა

17/03/2016

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, რომელსაც მხარის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე უძღვებოდა.

საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს მუნიციპალიტეტებში მიმდინარე წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათი სატენდერო პირობების, სამშენებლო სამუშაოების დაწყებისა და დასრულების ვადების შესახებ.

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2016 წელს სამცხე-ჯავახეთში 15 600 631 ლარის ღირებულების 38 პროექტი განხორციელდება. პრიორიტეტების მიხედვით ესენია: გზების რეაბილიტაციის 30 პროექტი, რომლის ფარგლებშიც დაიგება 42 კილომეტრამდე გზა; სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაციის 3 ობიექტი, რომლის საერთო სიგრძე შეადგენს 20,2 კილომეტრს; 2,9 კილომეტრი სიგრძის საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციის პროექტი ბაკურიანში;
გარდა ამისა, მიმდინარე წელს მხარის მუნიციპალიტეტებში დაგეგმილია მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ეზოების, ტროტუარების, სკვერისა და სტადიონის რეაბილიტაციის პროექტების განხორციელება.

სამუშაო შეხვედრაზე, განიხილეს ის პრობლემატური საკითხებიც, რომელთა გადაწყვეტა არ შედის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციაში და მათი მოგვარება ცენტრალური უწყებების ჩართვას საჭიროებს.

სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე, ქ. ახალციხის მერი, მხარის მუნიციპალიტეტების გამგებლები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები.

აღნიშნული საბჭო გუბერნატორთან არსებული საკონსულტაციო ორგანოა, რომელიც საქმიანობს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი წესით. დებულების თანახმად საბჭო მინიმუმ სამ თვეში ერთხელ იკრიბება, წინა სხდომა გასული წლის 17 დეკემბერს გაიმართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0