სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციის ცენტრის ორგანიზებით და ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროექტის (CIB) მხარდაჭერით, ახალციხეში მეფუტკრე-კოოპერატივებისთვის საინფორმაციო ტრეინინგი ჩატარდა.
როგორც prof-news-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ტრეინინგის ფარგლებში, მეფუტკრე ფერმერებს თაფლთან დაკავშირებით ევროკავშირის ბაზარზე მოქმედი სტანდარტები და მოთხოვნები გააცნეს. აგრეთვე ის ახალი რეგულაციები, რომლებიც განხორციელდა ქართულ კანონმდებლობაში ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით. 2015 წლიდან ძალაში შევიდა თაფლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც ადგენს მოთხოვნებს ნატურალური თაფლის მიმართ და აწესრიგებს ბიზნესოპერატორის მიერ თაფლის წარმოებისა და ბაზარზე განთავსების საკითხებს. დადგინდა მონიტორინგის სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა თაფლში აკრძალული ვეტერინარული პრეპარატების ჩამონათვალი.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემავალი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც დეტალურად ისაუბრეს დარგის განვითარების მიზნით მიმდინარე პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე.
აღინიშნა, რომ მეფუტკრეობის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სახელმწიფოს მიერ განხორციელებული მხარდამჭერი ღონისძიებები მიზნად ისახავს დარგის სტიმულირებას, ევროკავშირის სტანდარტების დამკვიდრებას და ქართული თაფლის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციის ცენტრი მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას გეგმავს საქართველოს ყველა რეგიონში.