„მივესალმებით მშენებლობის მაღალ ტემპს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ უნდა ხდებოდეს ადამიანის მსხვერპლისა და სხვა პრობლემების, მათ შორის, ურბანული დამახინჯების ხარჯზე“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
შეხვედრაზე სამშენებლო სფეროში შრომის უსაფრთხოებისა და ამასთან დაკავშირებით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ იმსჯელეს. ცვლილებები “შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტს დაემატება.
როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დედაქალაქის მერის ინიციატივის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტში კანონპროექტის განხილვა დაჩქარდება.
„დღეს შედგა საბოლოო კონსულტაციები სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. მინდა, მადლობა გადავუხადო კიდევ ერთხელ თბილისის მერს ინიციატივისთვის. ამ ინიციატივის საფუძველზე დაჩქარდება საქართველოს პარლამენტში იმ კანონპროექტის განხილვა, რომელიც ზუსტად ამ საკითხს ეხება. ეს არის ჩვენთვის, ყველასთვის ძალიან მტკივნეული საკითხი, სამშენებლო სამუშაოებზე ძალიან ხშირად არის მსხვერპლი. პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიზანი, არის ზუსტად ის, რომ სწორად დავარეგულიროთ ეს საკითხი. საქმე ეხება, მათ შორის, სანქციების გამკაცრებას – ეს არის ერთი მიმართულება. საქმე ეხება, ასევე, ადმინისტრირების გაუმჯობესებას, რასაც ითვალისწინებს შესაბამისი კანონპროექტი; ასევე, საუბარია სანქციებზე, რომელიც დაკავშირებულია უნებართვო და პროექტის გარეშე მშენებლობებთან. ეს არის ის საკითხები, რომელიც არის ასახული პაკეტში, და ეს ყველაფერი უზრუნველყოფს, საბოლოო ჯამში, პრობლემის არსებითად მოგვარებას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, კანონპროექტს პარლამენტი, მეორე მოსმენით, მიმდინარე კვირაში მიიღებს.
„ეს ცვლილებები დაემატება უკვე ინიცირებულ პროექტს, რომელიც ამჟამად განიხილება მეორე მოსმენით. პრინციპების დონეზე პირველი მოსმენისას იყო საუბარი იმაზე, რომ უნდა გამკაცრდეს სანქციები და უნდა გაუმჯობესდეს ადმინისტრირება ამ სფეროში. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ უკვე მეორე მოსმენაზე დავამატოთ შესაბამისი საკითხები კანონპროექტს. შესაბამისად, მიმდინარე კვირაში, ამ კვირის ბოლომდე, მეორე მოსმენით იქნება მიღებული ეს კანონპროექტი“,- განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ჟურნალისტებთან საუბრისას, ირაკლი კობახიძემ კომენტარი გააკეთა:
„მშენებლობის კოდექსის“ პროექტის შესახებაც და აღნიშნა, რომ საკანონმდებლო პაკეტის განხილვა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში უახლოეს მომავალში დაიწყება. „ეს არის ბევრად უფრო მასშტაბური პაკეტი, რომელიც ეხება სივრცით მოწყობას, მშენებლობებს და ამ პაკეტის განხილვა მალე უნდა დაიწყოს საქართველოს პარლამენტში. რამდენიმე კვირით გაგრძელდა განხილვის ვადა, თუმცა, ამის იქით ეს ვადა არ უნდა გაგრძელდეს და ამ პაკეტის განხილვა უნდა დაიწყოს ძალიან მალე საქართველოს პარლამენტში“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
დედაქალაქის მერმა პარლამენტს თანადგომისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. კახა კალაძის განცხადებით, კანონპროექტის თანახმად, მშენებლობაზე პირველივე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ჯარიმა 30 ათასი ლარი იქნება. მისივე თქმით, კანონპროექტს სრული მხარდაჭერა აქვს.
„ცვლილებები, რომელთა განხორციელებასაც ვაპირებთ, მნიშვნელოვანია უსაფრთხოების თვალსაზრისით, მშენებლობებზე. დედაქალაქში ძალიან ბევრი მშენებლობები მიმდინარეობს და ჩვენთვის, ქალაქის მერიისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის, იქ მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ცვლილებებით, რომლებსაც ვაპირებთ, პირველივე დარღვევაზე ჯარიმა იქნება 30 ათასი ლარის ოდენობით. იმ კონკრეტულ შემთხვევებზე, სადაც მიმდინარეობდა მშენებლობა და დარღვევების გამო ჰქონდათ შეჩერებული მშენებლობა, და მიუხედავად შეჩერებისა, ინვესტორი, კონკრეტული კომპანია აგრძელებს მუშაობას, ის დაჯარიმდება 50 ათასი ლარით. ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ უკანონო მშენებლობებზეც, თუ ტერიტორია, მიწა არის სახელმწიფოს საკუთრება, მუნიციპალიტეტის საკუთრება და მიმდინარეობს უკანონო მშენებლობა, ჯარიმა იქნება 25 ათასი ლარი. კერძო საკუთრებაზე -20 ათასი ლარი. ეს, რა თქმა უნდა, ერთის მხრივ, ხელს შეუწყობს იმ პრობლემის მოგვარებას, რაც გვაქვს მშენებლობებზე, ის, რომ მაგალითად, ჩაფხუტების გარეშე მუშაობენ, მაგალითად, ის, რომ როდესაც მიდის ფასადის მოპირკეთება, ყოველგვარი დამცავის, დაბმის გარეშე მუშაობენ, აქ მთავარი არის ის, რომ თავად მშენებლის ინტერესში უნდა იყოს ის, რომ მის დაქვემდებარებაში მყოფი ადამიანები მუშაობდნენ უსაფრთხოდ. მე მგონია, რომ ეს ჯარიმები მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ არსებული პრობლემები მოვაგვაროთ. არსებობს, ასევე, მენტალური პრობლემა, რაც იკვეთება სამშენებლო სამუშაოების დროს უსაფრთხოების თვალსაზრისით და ესეც გადასაწყვეტი გვექნება. ერთიანი თანადგომით, მგონია, რომ ამას შევძლებთ. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები პრემიერ-მინისტრთან, ეკონომიკურ გუნდთან, შევხვდით მენაშენეთა ასოციაციას. ამ ცვლილებებს აქვს მაქსიმალური მხარდაჭერა“,- განაცხადა კახა კალაძემ.