თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, სამშენებლო ამნისტია ერთჯერადი, ვადიანი პაკეტია და იმ ობიექტების განაცხადები, რომლებიც მუნიციპალიტეტს 27 ივლისამდე არ მიმართავენ, განხილვას აღარ დაექვემდებარება.
როგორც მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, ქართულ სამშენებლო ბაზარზე პროექტებიდან გადახვევისა და სანებართვო პირობების დარღვევის არაერთი შემთხვევაა დაფიქსირებული.
„ქართულ სამშენებლო ბაზარზე სამშენებლო პროექტებიდან გადახვევა და სანებართვო პირობების დარღვევა ჩვევად იყო ქცეული, რასაც დეველოპერისთვის, მოსახლეობისგან განსხვავებით, არანაირი ნეგატიური შედეგი არ მოჰყვებოდა. მათ რჩებოდათ არასრულფასოვანი, უკანონო აქტივი. შესაბამისად, შევიმუშავეთ ამნისტიის პაკეტი – პირობები, რომელიც საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა. ამ საკითხზე ორი წლის განმავლობაში აქტიურად ვიმუშავეთ და ექსპლუატაციაში უკვე 400 ობიექტია მიღებული. არსებობს მთელი რიგი დარღვევები – ძირითადად, ეს ეხებოდა მოცულობების გადამეტებასა და სართულების უკანონოდ დამატებას, რომელზეც ინფორმაცია ცხადია, მომხმარებელს ყიდვის დროს არ მიეწოდებოდა. შედეგად, ეს ადამიანები ფლობდნენ უკანონო ფართებს. დღესაც განხილვის პროცესში ასეულობით განცხადებაა“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
მისივე თქმით, ამხანაგობის შექმნა არ არის ბარიერი იმისთვის, რომ მოქალაქეებმა ექსპლუატაციაში მიღებისთვის ამნისტიის პროცესის წარმოება დაიწყონ.
„ამნისტია არის ერთჯერადი და ვადიანი პაკეტი, რომელიც 27 ივლისს იწურება. ის შეეხება მხოლოდ იმ ობიექტებს, რომლებიც ამ კანონით გათვალისწინებულ პირობებს აკმაყოფილებენ. ობიექტების განაცხადები, რომლებიც ამ ვადაში არ მიმართავენ მუნიციპალიტეტს, განხილვას აღარ დაექვემდებარება. საჭიროა განმარტებაც: იმ შემთხვევაში, თუ ობიექტი ექსპლუატაციაში არ იქნება მიღებული, ისინი ვერ შექმნიან ამხანაგობებს და ამხანაგობების დაფინანსების პროგრამით ვერ ისარგებლებენ, თუმცა, იმისთვის, რომ ამნისტიის პროცესი დაიწყონ, ამხანაგობის შექმნა საჭირო არ არის. მესაკუთრეებმა უნდა მიმართონ თბილისის მერიას“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
ვიცე-მერის განმარტებით, აღნიშნულ პროცესში თითოეული საქმე ინდივიდუალურად შეისწავლება.
„არის დარღვევები, რაზეც შეიძლება მუნიციპალიტეტმა მოითხოვოს მოსახლეობის 100-ვე პროცენტის თანხმობა. ყველაფერი ინდივიდუალურად უნდა განვიხილოთ. ეს გამომდინარეობს იქიდან, თუ როგორი ტიპის დარღვევა აქვს ობიექტს“, – აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.