სამტრედია-გრიგოლეთის მე-2 მონაკვეთის მშენებლობა აქტიურად გრძელდება

15/12/2017

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი სამშენებლო პროექტების მონიტორინგს გურიის რეგიონში აგრძელებს. ზურაბ ალავიძემ სამტრედია-გრიგოლეთის გზის მე-2 ლოტის სამუშაოები დაათვალიერა.
სამტრედია–გრიგოლეთის გზის 18.5 კილომეტრიანი მონაკვეთის (ლოტი 2) მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობა 254 მილიონ ლარს შეადგენს. სამუშაოებზე 400-მდე ადამიანია დასაქმებული.
სამტრედია–გრიგოლეთის მე-2 მონაკვეთის მშენებლობის პროექტი 18.5 კილომეტრიანი 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, პარალელური სახიდე გადასასვლელის, 16 სახიდე გადასასვლელის, მათ შორის 3 სატრანსპორტო კვანძის (გზაგამტარი), წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას ითვალისწინებს.
ამ დროისათვის, მონაკვეთზე გზის საფუძვლის მოწყობისა და ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა მიმდინარეობს.
პროექტის მიზანია, ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე მზარდი სატრანსპორტო ნაკადების გამტარუნარიანობის, უსაფრთხო საავტომობილო მგზავრობისა და შეუფერხებელი სატრანზიტო მიმოსვლის უზრუნველყოფა.
სამტრედია-გრიგოლეთის გზა, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივის, 4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულების ქვეყნის სივრცითი განვითარების უმთავრესი ნაწილია.
სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-2 მონაკვეთი გურიის რეგიონში ქ. ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ჯაპანას, ქვიანს, ნიგოითსა და ქვემო შუხუთს გაივლის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0