სამოქმედო გეგმა საცობების განმუხტვის შესახებ

02/09/2016

თბილისის მერიაში საცობების განმუხტვისა და საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით დაგეგმილი და გატარებული ღონისძიებების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა. დედაქალაქის მერმა დარგის ექსპერტებსა და სპეციალისტებს ქალაქის საცობებისგან განტვირთვის მიზნით განხორციელებული ინფრასტრუქტურული და სატრანსპორტო პროექტები წარუდგინა, რის შემდეგაც, მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ დამსწრე საზოგადოებას არსებული მდგომარეობის, ტრანსპორტის გენერალური გეგმისა და ურბანული მობილობის სტრატეგიის, ასევე, საცობების მართვის 5 პუნქტიანი სქემის შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდა.

დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვის 5 პუნქტიანი სქემის მიმართულებებია: ინფრასტრუქტურის მოწყობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რეგულაციები, თანამედროვე ტექნოლოგიები და ცნობიერების ამაღლება. სქემა ეყრდნობა თბილისის მდგრადი ურბანული ტრანსპორტის სტრატეგიის ძირითად პრინციპებს, რომელიც შექმნილია აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ.

თბილისის განახლებული მდგრადი ურბანული ტრანსპორტის სტრატეგია, ასევე, განსაზღვრავს იმ მიდგომებსა და პრიორიტეტებს რომელიც მოიცავს მულტიმოდელურ და ინტეგრირებულ მიდგომას და ხორციელდება ეტაპობრივად, 2015-2030 წლებში. ეტაპები დაყოფილია მოკლევადიან (2016-2017), საშუალოვადიან (2018-2021) და გრძელვადიან (2021-2030) ფაზებად. საცობების მართვის 5 პუნქტიანი სქემა არის მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა (2016-2017), რომელმაც უნდა უპასუხოს თბილისში საცობების კუთხით არსებულ გამოწვევებს.

თბილისის განახლებული მდგრადი ურბანული ტრანსპორტის სტრატეგია, ძირითადად, ფოკუსირებულია ეკოლოგიურად სუფთა და დაბალი ემისიის მქონე სატრანსპორტო სისტემაზე, რომელზეც გადაეწყობა თბილისის ურბანული მობილობა და შეიქმნება ეფექტური, ინოვაციური, უსაფრთხო, ფინანსურად მდგრადი მოდელი.

ირაკლი ლექვინაძემ პრეზენტაციისას ყურადღება გაამახვილა საცობების გამომწვევ მიზეზებზე, მიმდინარე და განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. მათ შორის, საცობებისგან განტვირთვის მიზნით ხაზი გაესვა პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობას, კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელ გზას, რომელიც ამ ეტაპზე მიმდინარეა. ბარათაშვილისა და გულიას ხიდების რეაბილიტაციას, აღმაშენებლის ხეივნიდან მუხათგვერდისკენ გადასასვლელი გზაგამტარის რეკონსტრუქციას. ასევე, სააკაძის მოედანზე ნაკადების ორგანიზების მიზნით ახალი პროექტის განხორციელებას – შუქნიშნების დაყენებას. დარგის სპეციალისტებმა დედაქალაქის მთავრობას ახალი ინიციატივებიც წარუდგინეს.

სამოქმედო გეგმაში დიდი ყურადღება ეთმობა მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას, მათ შორის ავტობუსებს, მეტროსა და საბაგიროს. მიმდინარე თვიდან თბილისში ეტაპობრივად 143 ახალი, ევროსტანდარტებზე მორგებული და ადაპტირებული ავტობუსები შემოვა, უკვე დასრულდა კუს ტბის საბაგიროს რეაბილიტაცია და მეტროს 4 ვაგონის მოდერნიზაცია, 8 ვაგონის კაპიტალური შეკეთება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0