მიმდინარე წლის 20 იანვარს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) პროექტის – “საქართველოს საავიაციო კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან” მმართველი კომიტეტის რიგით მეორე სხდომა გაიმართა.
სხდომაში მონაწილეობას იღებდნენ პროექტის მმართველი გუნდის წარმომადგენლები როგორც ევროკავშირის („ავსტროკონტროლისა“ და ხორვატიის საავიაციო ხელისუფლების კონსორციუმი), ისე ბენეფიციარი ორგანიზაციის (სამოქალაქო ავიაციის სააგენტო) მხრიდან, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ევროინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები, ასევე სააგენტოს ხარისხის მართვისა და ადმინისტრაციული დეპარტამენტების ხელმძღვანელები.
შეხვედრის ფარგლებში, პროექტის ლიდერებმა ისაუბრეს მეორე კვარტალური ანგარიშით გათვალისწინებულ პერიოდში, კერძოდ სექტემბრიდან იანვრამდე პროექტის მიმდინარეობის, ასევე განვილილი და სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობების შესახებ. დოკუმენტში ასახული ინფორმაციის ირგვლივ, დეტალური პრეზენტაციით წარსდგა პროექტის მუდმივი მრჩეველი ბენეფიციარ ადმინისტრაციაში. დადებითად შეფასდა ორივე მხარის მიერ გაწეული მუშაობა და ჩართულობა განხორციელებული აქტივობების ფარგლებში. ამასთან, მოწვეულმა სტუმრებმა მიიღეს ინფორმაცია სააგენტოს მიერ სამართალშემოქმედების და ორგანიზაციული კუთხით განხორცილებული საქმიანობის შესახებ.
“საქართველოს საავიაციო კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან” პროექტის განვლილი პერიოდის ფარგლებში გაწეულ იქნა შემდეგი ძირითადი და პროექტის ეფექტურად წარმართვისათვის აუცილებელი სამუშაოები:
• ავსტრიელი და ხორვატი პარტნიორების მიერ, შესწავლილ იქნა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს არსებული ორგანიზაციული სტრუქტურა და მისი შესაძლებლობები, შიდა პროცესები და პროცედურები;
• მომზადდა და სააგენტოსთან შეთანხმებით დამტკიცდა შესაბამისი ანალიზი;
შემუშავებულ იქნა წინასწარი რეკომენდაციები და ნაკლოვანებების გამოსწორების გეგმა, სააგენტოს ხელმძღვანელობასთან ერთად განისაზღვრა პრიორიტეტები;
• დასრულდა სამოქალაქო ავიაციის მოქმედი კანონმდებლობის ევროპულ რეგულაციებთან შესაბამისობის ანალიზი შემდეგი მიმართულებებით: ბაზარზე დაშვება, საავიაციო უსაფრთხოება, საჰაერო მოძრაობის მართვა, მომხმარებელთა უფლებების დაცვა და ა.შ. ;
• განხორციელდა საავიაციო უსაფრთხოების მართვასთან დაკავშირებული კანონმდებლობის, პროცესებისა და პროცედურების პირველადი ანალიზი;
ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) პროექტი – “საქართველოს საავიაციო კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან” მიზნად ისახავს ქვეყანაში მოქმედი საავიაციო კანონმდებლობის სრულყოფასა და მისი ევროკავშირის მოხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას, სამართლებრივი მექანიზმის შექმნას, რომელიც გააადვილებს ევროპული რეგულაციების დანერგვასა და განხორციელებას, ასევე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სტრუქტურულ და ინტიტუციონალურ გაძლიერებას.
პროექტის ხანგრძლივობა იქნება 21 თვე, ხოლო ბიუჯეტი შეადგენს 1,23 მილიონ ევროს. პროექტის მთავარი ბენეფიციარი ორგანიზაციაა – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, ქართული მხრიდან პროექტში აგრეთვე ჩაერთვება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ევროკავშირის მხრიდან პროექტს ახორციელებენ ავსტრიელი და ხორვატი პარტნიორები: „ავსტროკონტროლი“ და ხორვატიის საავიაციო სააგენტო (CCAA)