სამი კომიტეტის სხდომაზე მუნიციპალიტეტებში არსებული ამბულატორიების მუშაობასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

26/01/2023

სოფლად არსებული ამბულატორიების საქმიანობა და პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა განხილვის მთავარი თემა იყო სამი საპარლამენტო კომიტეტის ერთობლივ შეხვედრაზე. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების წარმომადგენლებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურს მოუსმინეს. მინისტრის მოადგილემ კომიტეტის წევრებს სამინისტროს მიერ გაწეულ საქმიანობაზე ინფორმაცია მიაწოდა. ილია ღუდუშაურის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით 1100 ამბულატორია არსებობს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ბალანსზე ეტაპობრივად გადმოდის. მისივე განცხადებით, ამ დროისთვის 700 ამბულატორიაა უკვე სამინისტროს დაქვემდებარებაში და მარტის ბოლომდე დარჩენილი ამბულატორიების გადაცემა იგეგმება.

„სამინისტრომ ამბულატორიების ინფრასტრუქტურული მდგომარეობის შესწავლის მიზნით დიაგნოსტიკური სამუშაოები ჩაატარა, საიდანაც გამოიკვეთა, რომ 700-მდე ამბულატორია რეაბილიტაციას ან ახალი შენობის აშენებას საჭიროებს. შესაბამისი სამუშაოების ჩასატარებლად მიმდინარე წელს 10 მლნ. ლარი გამოიყოფა“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ილია ღუდუშაურის განცხადებით, სახალხო დამცველის მონიტორინგის ანგარიშის გაცნობამდე, სადაც საუბარია პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის საკითხებზე, ჯანდაცვის უწყებაში უკვე დაწყებული იყო აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელი სამუშაოები და ამ კუთხით, სამინისტრო მზად არის წლის ბოლომდე ხელშესახები შედეგები დადოს. სამუშაო შეხვედრაზე რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კახიშვილმა ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს წინადადებით მიმართა, – ამბულატორიების სარეაბილიტაციო და სატენდერო სამუშაოების დაწყებამდე ერთიანი კომისია შეიქმნას, რომლის მუშაობაშიც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძემ ამბულატორიებში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის საკითხებზე ისაუბრა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სამედიცინო დაწესებულებებში მაღალკვალიფიციური ექიმების და ექთნების მივლინება მოხდეს, რათა მოსახლეობამ შესაბამისი სერვისებით ისარგებლოს და ეფექტურად მოხდეს იმ თანხების ათვისება, რასაც სახელმწიფო სამედიცინო ამბულატორიების საქმიანობისთვის ხარჯავს. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძის შეფასებით კი, მნიშვნელოვანია პრობლემების იდენტიფიცირება და შემდგომი პრიორიტეტების განსაზღვრა, რაც არსებული გამოწვევების დასაძლევად იქნება მიმართული. მისივე თქმით, სამინისტრომ, სახალხო დამცველის მონიტორინგის ანგარიშის შესაბამისად, ამბულატორიების შემდგომ საქმიანობაზე სამოქმედო გეგმა უნდა მოამზადოს, სადაც ასევე გათვალისწინებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის პირთა საჭიროებები.
როგორც სამუშაო შეხვედრის დასასრულს აღინიშნა, მუნიციპალიტეტებში ამბულატორიების მუშაობასთან დაკავშირებით, კომიტეტები საზედამხედველო საქმიანობას პერიოდულად განახორციელებენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0