ქალაქ ზუგდიდში, სატყეო სამსახურის ახალი ოფისი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ და სამეგრელო ზემო-სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ გახსნეს. სატყეო სამსახური რეგიონის 9 მუნიციპალიტეტს მოემსახურება. მოქალაქეები განახლებულ სივრცეში ეროვნული სატყეო სააგენტოს ყველა სერვისით ისარგებლებენ. შენობა აღჭურვილია საჭირო ინვენტარით და ტექნიკით.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ადგილობრივმა მოსახლეობამ მარტივად შეძლოს ეროვნული სატყეო სააგენტოს სერვისებით სარგებლობა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სააგენტოს მთავარ პრიორიტეტად რჩება თანამშრომელთა სოციალური გარანტიები და სამუშაო პირობები. გასულ წლებში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, სატყეო სააგენტო უზრუნველყოფს მეტყევეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევას, განსაკუთრებული სირთულის დავალების შესრულებისათვის წახალისების ფორმის გამოყენებას, რაც, ვფიქრობთ, მნიშვნელოვნად გაზრდის დასაქმებულთა მოტივაციას”, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ კახა კაკაბაძემ.
ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ რეგიონული სატყეო სამსახურების ოფისების რეაბილიტაცია თითქმის ყველა რეგიონში დასრულებულია. ამ დროისთვის განახლებულია ავტოპარკის ნაწილი და აღჭურვილობა. სექტემბრის თვის ბოლომდე ეროვნული სატყეო სააგენტო სრულად განაახლებს ავტოპარკს. 30 ერთეული მაღალი გამავლობის და სპეციალური დანიშნულების ტექნიკა 9 რეგიონულ სატყეო სამსახურში გადანაწილდება, რაც უზრუნველყოფს სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების ეფექტიანად განხროციელებას.