ქალაქ ზუგდიდში, სატყეო სამსახურის ახალი ოფისის მშენებლობის მიმდინარეობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე გაეცნო. ოფისის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 149 940 ლარი დაიხარჯება. მოქალაქეები განახლებულ სივრცეში ეროვნული სატყეო სააგენტოს ყველა მომსახურებით ისარგებლებენ. შენობა აღჭურვილი იქნება მაღალი სტანდარტების საჭირო ინვენტარით და ტექნიკით.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ადგილობრივმა მოსახლეობამ მარტივად შეძლოს, ისარგებლოს ყველა იმ სერვისით, რასაც ეროვნული სატყეო სააგენტო სთავაზობს. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ სააგენტოს მთავარ პრიორიტეტად რჩება თანამშრომელთა სოციალური გარანტიები და სამუშაო პირობები. განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, სატყეო სააგენტო უზრუნველყოფს მეტყევეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევას, განსაკუთრებული სირთულის დავალების შესრულებისათვის წახალისების ფორმის გამოყენებას, რაც, ვფიქრობთ, მნიშვნელოვნად გაზრდის დასაქმებულთა მოტივაციას”, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, კახა კაკაბაძემ.
ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთში გიორგი გუგუჩია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ რეგიონული სატყეო სამსახურების ოფისების რეაბილიტაცია თითქმის ყველა რეგიონში დასრულებულია. განახლდა ავტოპარკის ნაწილი და აღჭურვილობა.