ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში თხილის გადამმუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა. სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო შპს „ჯეო ნათსი“ „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. საწარმოში, ჯამურად, 1,558,000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 600,000 ლარი გრანტია, ხოლო 779,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.
საწარმო,გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, მაია ცქიტიშვილთან, და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან, ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად გახსნა. საწარმოს გახსნის ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, გიორგი ხანიშვილი, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ოთარ დანელია, სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, ნინო ჩიქოვანი, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე, გიორგი ჯიბლაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საწარმოში, წელიწადში, 7,000-10,000 ტონამდე თხილისგან სხვადასხვა სახის პროდუქციის (მოხალული, დაქუცმაცებული, დაფქული) წარმოებაა შესაძლებელი. პროდუქცია მთლიანად ექსპორტისთვის არის განკუთვნილი. გადამმუშავებელ საწარმოში 100 ადამიანია დასაქმებული. 2018 წელს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მხარდაჭერით, საწარმოში სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი – ISO 22:000 დაინერგა.
აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 180 ახალი საწარმოს შექმნა დაფინანსდა. სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ, მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.
სამეგრელოში თხილის გადამმუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა
18/11/2018