სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას თეატრის დღე მიულოცა

14/01/2020

ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. პრეზიდენტმა საზოგადოებას ქართული თეატრის დღე მიულოცა, ხაზი გაუსვა თეატრების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ აუცილებელია რეგიონულმა თეატრებმა შეიძინონ ახალი სიცოცხლე.

“მინდა ყველას მივულოცო ქართული თეატრის დღე, რადგან ქართული თეატრი ჩვენი კულტურის ერთ-ერთი უძვირფასესი ნაწილია. აქ ვდგავარ ას სამოცდაათ წლიანი ისტორიის მქონე თეატრის წინ. ოზურგეთის თეატრი, რომელიც ამჟამად რეკონსტრუქციის ქვეშაა, მალე გაიხსნება. 2020 წელს, ის ახალ სიცოცხლეს შესძენს ამ ქალაქსა და საქართველოს. მინდა ეს მივულოცო არა მხოლოდ ოზურგეთს, არამედ სრულიად საქართველოს, რამდენადაც რეგიონისათვის თეატრი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. ბოლო წლებში ბევრ ქალაქში თეატრებს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია. ახლა საჭიროა, რომ მხოლოდ შენობა კი არ იყოს გარემონტებული, არამედ ახალი სიცოცხლე შეიძინოს რეგიონულმა თეატრებმა. სწორედ ეს არის რეგიონში კულტურის გაცოცხლების, ქართული ენის მაღალ დონეზე შენარჩუნებისა და ახალგაზრდებისათვის ქართულ კულტურასთან ზიარების საწინდარი. ამგვარად, ახალგაზრდებს მიეცემათ არა მხოლოდ სურვილი, არამედ შესაძლებლობაც, რომ ადგილზე განაგრძონ ცხოვრება. კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ ქართული თეატრის დღე და ამ თეატრს დიდი წარმატება ვუსურვო,” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

აღნიშნულ თეატრის რეკონსტრუქცია 2019 წლის გაზაფხულზე დაიწყო და მისი დასრულება 2020 წელს იგეგმება. ქართული პროფესიული თეატრი დააარსა და მისი იდეა განსაზღვრა პოეტმა და დრამატურგმა გიორგი ერისთავმა, რომლის რეჟისორობითა და მონაწილეობით მისივე პიესა “გაყრა” 1850 წლის 2 (14) იანვარს თბილისის გიმნაზიის სააქტო დარბაზში გაიმართა. სწორედ ეს თარიღი მიიჩნევა ქართული თეატრის აღდგენის თარიღად, ქართული თეატრის დღედ კი, XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან აღინიშნება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0