სალომე ზურაბიშვილი ქუთაისში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

10/02/2019

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა, ადგილობრივ მოსახლეობას იმერეთის რეგიონის განვითარების მიმართულებებთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა გააცნო და ვიზიტი შეაჯამა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პრეზიდენტს, საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში, შეუძლია რეგიონის ადვოკატირება, რეგიონსა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის შუამავლის როლის აღება რეგიონის გაძლიერებასთან დაკავშირებით და საკუთარი ხედვის შემუშავება რეგიონის განვითარების მიმართულებით.
პრეზიდენტმა იმერეთში დასრულებულ ვიზიტთან დაკავშირებით მოსახლეობას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ წყალტუბოსა და ქუთაისს ერთობლივად, უდიდესი ტურისტული პოტენციალი გააჩნია.
“სამწუხაროდ, ხშირად, ჩვენ ვუყურებთ საკითხებს ნაწილ-ნაწილ და არა მთლიანობაში. მთლიანობაში ქუთაისს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ანუ, ქუთაისი და წყალტუბო, ქუთაისი და გელათი, ქუთაისი და მისი შემოგარენი. ძალიან ბევრი რამ არის ქუთაისში და ეს მთლიანობა უნდა იყოს ნაჩვენები, თუკი ჩვენ გვინდა, რომ ეს პოტენციალი მაქსიმალურად გამოვიყენოთ,”- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ქუთაისმა უნდა დაიბრუნოს საქართველოს კულტურის დედაქალაქის ნიშა და ამისათვის თავად აპირებს საქართველოს პარტნიორებთან გააძლიეროს მუშაობა, რათა საქართველო აქტიურად იყოს წარმოდგენილი ევროპის კულტურულ ცხოვრებაში.
“როცა დავდივარ სხვადასხვა ვიზიტებზე, ერთერთი ჩემი დანიშნულებაა, რომ მივიტანო პარტნიორებამდე ჩვენი კულტურა. გავაგებინო, მათ, რომ ეს კულტურა არის მსოფლიოს და ევროპის კულტურის ნაწილი. საქართველო ახლოსაა ევროკავშირში გაწევრიანებასთან, ბრექსიტისა და ევროკავშირში პოლიტიკური გარემოებების გამო ჯერ კიდევ არის წინააღმდეგობები, მაგრამ საქართველოს შეუძლია მოითხოვოს და ევროპის კულტურის შემადგენელი ნაწილი გახდეს”,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, როცა საზღვარგარეთ ეცნობიან ჩვენს კულტურას არ ისმის კითხვა: – რატომ უნდა მიგვიღონ ევროპაში. ამიტომ ქუთაისში კულტურის მიმართულებები და სფეროები უნდა განვითარდეს.
“ერთერთი მიმართულება, რომელიც სამომავლოდ ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის არქეოლოგია. აქ იმყოფება პოლონეთის ელჩი და ძალიან მადლობელი ვარ, რომ დღეს გვესწრება ამ ღონისძიებაზე. იმიტომ რომ არსებობს პოლონურ- ქართული ერთობლივი არქეოლოგიური მისია, რომელიც დაარსდა ამ უნივერსიტეტში და რომელიც იძიებს სწორედ ძველი კოლხეთის არქეოლოგიას და მე მინდა შევთავაზო მათ, რომ ეს არქეოლოგიური ექსპედიციები ჩატარდეს პრეზიდენტის პატრონაჟის ქვეშ”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის განცხადებით, წყალტუბო საქართველოს საგანძურია და მისი სანატორიუმები არქიტექტურით, ადგილმდებარეობითა და პარკებით ევროპის კურორტებსაც ვერ შეედრება. წყალტუბო ქუთაისის გარეშე ვერ იარსებებს.
“არ მომეწონა, რომ წყალტუბოში მოხდა სანატორიუმების პრივატიზაცია, მაგრამ საინვესტიციო პირობები არ არის შესრულებული”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, ეს უნდა იყოს განვითარების მთლიანი სტრატეგია. “დღეს შეიძლება დადგა დრო იმისათვის, რომ ამ ყველაფერს გადავხედოთ მთლიანობაში და იყოს ხელისუფლების ნება, რადგან ძალიან ბევრი სხვა რამ გაკეთდა და გაცოცხლდა. აეროპორტი, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილმა რეგიონში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათზე დგას დღეს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერება.
“მე რაც ვნახე ამ რეგიონში ძალიან იმედისმომცემია. რეგიონების განვითარება მხოლოდ პატარა და მცირე ბიზნესზეა აგებული, ჩვენ ვერ დავბრუნდებით დიდი ფაბრიკების დროში, ეს გასულია. მაგრამ მცირე ბიზნესს, რომელიც ძალიან მოქნილია შეუძლია ძალიან სწრაფად ევროპულ დონეზე აიყვანოს თავი. ამის მაგალითები არის აქ- აღფრთოვანებული ვარ კომპანიით “ჰერბია”, რომელიც სამაგალითოა – როგორ შეიძლება პატარა ოჯახური ბიზნესი გახდეს საშუალო და იყოს სამაგალითო რეგიონისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქალები არიან ჩართულები ამ მიმართულებით და ეს არის ამ რეგიონის განვითარების ძალიან დიდი გზა”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტი თავის გამოსვლაში გეგუთის გზაზე დაყრილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ არ შეიძლება საქართველოს კულტურის დედაქალაქში არსებობდეს ასეთი ადგილები.
“ვიცი, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად არსებობს პროექტი, ვიცი რომ ამაზე მუშაობენ და მხოლოდ ერთი რამ შემიძლია ვთქვა, ეს მუშაობა რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს, რადგან, ტურიზმის განვითარება, ქალაქის და კულტურის განვითარება, სხვაგვარად შეუძლებელია”, – აღნიშნა პრეზიდენტმა

Tweet about this on TwitterShare on Facebook0