საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს და საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის ორგანიზებით, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოში საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების კრებულის პრეზენტაცია და გამოფენა გაიმართა. პრეზიენტაციას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი, საკრებულოს წევრები, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე და ელდარ შენგელაია, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა გონგაძე და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
კრებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა გონგაძემ და კრებულის ავტორმა დავით ჩხეიძემ წარუდგინეს. საკრებულოს თავმჯდომარემ საზოგადოებას დამოუკიდებლობის აღდგენის დღე მიულოცა.
„სიმბოლურია, რომ დღეს საკრებულოში წარმოდგენილია იმ კრებულის პრეზენტაცია, რომელშიც თავმოყრილია ყველა ის სიმბოლიკა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობასთან და პირველ რესპუბლიკასთანაა დაკავშირებული. დამოუკიდებლობა და თავისუფლება ჩვენი უმთავრესი ფასეულობებია. დიდი პატივია, რომ ასეთი კრებულის პრეზენტაცია საკრებულოში ხდება,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულებისთვის.
„დიდი მადლობა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს იმისთვის, რომ სიმბოლოებში გამოხატული ჩვენი ქვეყნის ისტორია წარმოგვიდგინეს,“- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
მისი თქმით, სიმბოლურია, რომ სწორედ დღეს თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისის 13 ქუჩას იმ მოღვაწეების სახელები ეწოდა, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი.
კრებულში შევიდა სახლემწიფო სიმბოლოები, რომლებიც ამ 100 წლის განმავლობაში ჰქონდა და აქვს საქართველოს რესპუბლიკას. გამოცემა მოიცავს 1918-1921 წლებს, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან გასაბჭოებამდე, საბჭოთა პერიოდს, 1990-იან წლებს, 2004 წლიდან ახალი სახელმწიფო ინსტიტუტების დაფუძნების და მოქმედი სახელმწიფო სიმბოლოების დადგენის პერიოდს.