საკრებულოს თავმჯდომარე და დეპუტატები ალილოს მსვლელობას შეუერთდნენ

07/01/2016

შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისში ტრადიციული ალილოს თეატრალიზებული მსვლელობა მოეწყო.
მსვლელობის მონაწილეებმა შოთა რუსთაველის გამზირის გავლით თავისუფლების მოედანი, ალექსანდრე პუშკინისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩები გაიარეს და ელენე ახვლედიანის ქუჩით პრეზიდენტის სასახლესთან მივიდნენ. მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების ტაძარში დასრულდა, სადაც სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს.
ალილოს მონაწილეები ჯერ პარლამენტთან, შემდეგ კი თავისუფლების მოედანზე, საკრებულოს შენობასთან შეჩერდნენ, სადაც მათ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე, მოადგილე მალხაზ მჭედლიშვილი, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ მალაღურაძე, წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატები და თბილისის მერი დავით ნარმანია დახვდნენ, მსვლელობის მონაწილეებს შობის დღესასწაული მიულოცეს, საშობაო ნობათი გადასცეს და ალილოს მსვლელობას შეუერთდნენ.
„მინდა სრულიად საქართველოს შობის ბრწყინვალე დღესასწაული მივულოცო. ეს არის იმედის, რწმენის, განახლების, ერთმანეთის სიყვარულის გამოხატვისა და ახალი იმედების ჩასახვის დღე.
თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს ჯანმრთელობას, წინსვლას, ხვავს და ბარაქას ვუსურვებ.
ალილო არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ძალიან ბევრის გამომხატველი ტრადიცია, რომელსაც ქართველი კაცი სხვადასხვა ეპოქაში მოსახლეობის მიმართ პატივისცემის გამოხატვისა და ქველმოქმედების მიზნით ასრულებდა. დღევანდელი დღეც სწორედ ამის დასტურია. კიდევ ერთხელ ყველას ვულოცავ დღევანდელ ბრწყინვალე დღესასწაულს“, – განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
საქართველოში ალილოს ტრადიციას მრავალწლიანი ისტორია აქვს. დღესდღეობით ალილოს სადღესასწაულო ლიტურგიის შემდეგ ზეიმობენ, როდესაც მრავალი ეკლესიის მრევლი სასულიერო პირებთან ერთად ალილოს მსვლელობას უერთდება.
მსვლელობის მონაწილეები მოსახლეობას ქრისტეს შობას გალობით ამცნობენ და მათგან საშობაო ნობათს, ძირითადად, ტკბილეულს ღებულობენ.
ყოვლადწმინდა სამებაში თავმოყრილი შემოწირულობა, ტრადიციულად, ბავშვთა სახლებსა და უმწეოთა თავშესაფრებში ნაწილდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0