საკონსტიტუციო ცვლილებებში მოცემულია საზოგადოების თანაცხოვრების წესის, სოციალური მშვიდობისა და კულტურული ღირებულებების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება

24/04/2024

„საკონსტიტუციო ცვლილებებში მოცემულია საზოგადოების თანაცხოვრების წესის, სოციალური მშვიდობისა და საზოგადოებრივ-კულტურული ღირებულებების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება. დღევანდელი შეხვედრის მიზანია მოვისმინოთ თქვენი დამოკიდებულება, იდეები და შენიშვნები ამ ცვლილებებთან დაკავშირებით და ასევე, თქვენი მხარდაჭერა ამ საკითხის მიმართ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოზურგეთში, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის მოსახლეობასთან შეხვედრაზე.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ცოტა ხნის წინ, საპარლამენტო უმრავლესობამ დააინიცირა, ერთი მხრივ, პროექტი, რომელიც კონსტიტუციაში ცვლილებას ითვალისწინებს, კერძოდ, 30-ე მუხლში, რომელიც ქორწინების უფლებას და დედათა და ბავშვთა უფლებებს ეხება, ხოლო მეორე მხრივ – ცალკე კონსტიტუციური კანონის პროექტი, რომელიც ოჯახურ ღირებულებებს ეხება.

„ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში ძალაუფლება მოდის ხალხისგან. ხალხი, როგორც წესი, არჩევნების გზით წარმომადგენლობით ორგანოს მანდატს აძლევს და შემდეგ, საქართველოს შემთხვევაში, ოთხი წლის განმავლობაში, პარლამენტი იღებს კანონმდებლობას. თუმცა, ჩვენ გვაქვს დათქმა, რომ ზოგიერთ საკითხზე, საკმარისი არ არის მხოლოდ არჩევნებზე მიღებული მანდატი და საპარლამენტო პროცედურებით ცვლილების განხილვა, არამედ საჭიროა ხალხის უშუალოდ ჩართვა. ასეთი დათქმა ითვალისწინებს კონსტიტუციაში ცვლილებას ან კონსტიტუციური კანონის მიღებას. ისეთი საკითხის მოწესრიგებას, რაც არის ჩვენი საზოგადოების საყოველთაო შეთანხმების ფუნდამენტი. კონსტიტუციაც ეს არის ხალხის შეთანხმება – როგორი სახელმწიფო გვინდა გქონდეს, რა ღირებულებებზე უნდა იყოს დაფუძნებული და მმართველობის როგორი სისტემა უნდა იყოს. ეს არის ჩვენი შეთანხმების საფუძველი. ამიტომაც არის, რომ კონსტიტუციაში ცვლილება პროცედურულად ყველაზე უფრო რთული ცვლილებაა, რომელსაც, ერთი მხრივ, სჭირდება ხანგრძლივი განსჯა და მეორე მხრივ, სჭირდება მაღალი კვორუმი – სამი მეოთხედი ანუ 150 დეპუტატიდან 113-ის მხარდაჭერა, რომ ცვლილება მყისიერად შევიდეს ძალაში“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიას ხელმძღვანელობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0