საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს ჩემი მხარდაჭერა დავუდასტურე

15/07/2016

საკონსტიტუციო სასამართლო თამაშობდა და თამაშობს უმნიშვნელოვანეს როლს სახელმწიფოს სამართლებრივი და დემოკრატიული ფუნქციონირების თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საკონსტიტუციო სასამართლო არის უმნიშვნელოვანესი ორგანო არა მარტო საქართველოსნაირი ახალი დემოკრატიებისთვის, არამედ დღეს ტრადიციული ევროპაც საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციებიდან გამომდინარე ავითარებს თავის დემოკრატიულ სისტემას.

”მე გამოვუხატე მოსამართლეებს ჩემი მხარდაჭერა. ვთქვი, რომ დარწმუნებული ვარ, ისინი უმნიშვნელოვანეს სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს მიიღებენ თავისი შინაგანი რწმენისა და სამართლიდან გამომდინარე.
გამომდინარე იქიდან, რომ რამდენიმე ხნის წინ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ დააფიქსირა თავისი შეწუხება, პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული ზეწოლის მცდელობას ჰქონდა ადგილი, მე დავუდასტურე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს ჩემი მხარდაჭერა. მე დავუდასტურე ასევე ჩემი რწმენა, რომ ისინი თავის გადაწყვეტილებებს მიიღებენ მხოლოდ თავისი რწმენის საფუძველზე”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0