საკანონმდებლო ცვლილებებით შეიცვალა სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის წესი და პრინციპები

23/03/2023

პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა უწყების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა და გეგმებზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2022 წელს რეალური მშპ-ის ზრდა კვლავ ორნიშნა იყო და 10.1 პროცენტი შეადგინა. როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, 2021-2022 წლებში ეკონომიკის დონე სრულად დაუბრუნდა პანდემიამდე არსებულ ტრენდს და მნიშვნელოვანი ზრდა 2023 წელსაც (იანვარში 8.4%-იანი ზრდა) გრძელდება. მისი თქმით, 2022 წელს, პირველად, პროგნოზებთან შედარებით მაღალმა ეკონომიკურმა პარამეტრებმა შესაძლებელი გახადა ბიუჯეტის შემოსავლების ზრდა.

„ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების მაჩვენებელი მის პირველად გეგმასთან შედარებით 1.8 მილიარდი ლარით გაიზარდა და მისი საბოლოო გეგმა 17 მილიარდ 350 მილიონ ლარს შეადგენდა. საგადასახადო შემოსავლების საკასო შესრულებამ 17 მილიარდ 385 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც გაზრდილი გეგმური მაჩვენებლის 100.2 პროცენტს შეადგენს. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ დამატებული ღირებულების გადასახადის დაბრუნების მაჩვენებელმა 2 მილიარდ 265 მილიონ ლარს გადააჭარბა. ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებმა, ჯამში, 23 მილიარდ 648 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც დაგეგმილი მაჩვენებლის 100.8 პროცენტია“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს, მინისტრის თქმით, შესრულება იყო მაღალი და მისმა მოცულობამ, ჯამში 23 მილიარდ 49 მილიონი ლარი შეადგინა, რაც პროგნოზირებული მაჩვენებლის 99.7 პროცენტია. მიმდინარე ხარჯების ნაწილში, საკასო შესრულებამ 15 მილიარდ 615 მილიონ ლარს, (პროგნოზის 99.2%), ხოლო კაპიტალურმა ხარჯებმა 6 მილიარდ 169 მილიარდ ლარს გადააჭარბა, რაც პროგნოზირებული მაჩვენებლის 101.2 პროცენტია. ლაშა ხუციშვილმა ყურადღება გაამახვილა ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების ტენდენციაზე. ლაშა ხუციშვილმა სამინისტროს სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა, როგორიცაა: სახელმწიფო ფინანსების მართვა, სახელმწიფო ინვესტიციების მართვა, ვალის მართვა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, საგადასახადო დანახარჯების ეფექტიანობის შესწავლა, რეფორმები საგადასახადო და საბაჟო მიმართულებებით. როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, 2020 წლიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ აქტიური მუშაობა დაიწყო საგადასახადო დანახარჯების, ანუ კანონით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათების ანალიზზე. მინისტრმა სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, საკანონმდებლო ცვლილებებით შეიცვალა სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის წესი და პრინციპები, რამაც მნიშვნელოვანი დადებითი ეფექტი იქონია ბიუჯეტის შემოსავლებზეც. მისივე განცხადებით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული 12 პირობის შესასრულებლად, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ, შემუშავებული წინადადებების/შემდგომი ნაბიჯების დოკუმენტის საფუძველზე, ფინანსთა სამინისტროს მიერ, 2022 წელს მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც აწესებს ახალი სანებართვო საქმიანობის სახეებს სისტემურ-ელექტრონული ფორმით (ონლაინ) აზარტული და მომგებიანი თამაშობის ორგანიზებაზე, ადგენს სანებართვო პირობებს, სანებართვო მოსაკრებლის ოდენობებს და პასუხისმგებლობას სანებართვო პირობებისა და წლიური სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევებზე. ცვლილებათა პაკეტი სრულად ამოქმედდება 2024 წლიდან. ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა რუსეთის ფედერაციისთვის საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესზე. მისი თქმით, ქვეყნის საბაჟო სამსახურის ეფექტური მუშაობის შედეგია, რომ განვლილი ერთი წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა დაწესებული სანქციების დარღვევის არცერთი შემთხვევა. როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, სანქციების დაწესების პირველი დღეებიდანვე, საერთაშორისო სანქციების სათანადო ადმინისტრირებისთვის საჭირო ტექნიკური დახმარების თაობაზე ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან განხორციელდა არაერთი კომუნიკაცია. მისი თქმით, საქართველოს მიეცა საერთაშორისო სანქციების სასწავლო პლატფორმა DOLFIN-ზე დაშვება და ამჟამად, საბაჟო დეპარტამენტის 2-მა თანამშრომელმა უკვე მოიპოვა სანქციების აღსრულების ექსპერტის სერტიფიკატი. პოტენციურად სანქცირებული ოპერაციების თავიდან ასაცილებლად, მუდმივი კონსულტაციები მიმდინარეობს ეკონომიკურ ოპერატორებთან, რაც მნიშვნელოვანია პრევენციის კუთხით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0