საკანონმდებლო ცვლილებებით საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის, შენარჩუნებისა და მინიჭების ვადები ხანგრძლივდება

13/12/2022

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს. მომხსენებლის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, იცვლება საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის, შენარჩუნებისა და მინიჭების ვადები. ცვლილებების თანახმად, საქართველოს ყოფილ მოქალაქეებს, ასევე მოქალაქეებს, რომელთა მიმართაც 2018 წლის 15 აგვისტომდე არ იყო მიღებული გადაწყვეტილება სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის თაობაზე, მიეცემათ დამატებითი ვადა საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის ან შენარჩუნების უფლებით სარგებლობისთვის. ამასთანავე, 1993 წლამდე დაბადებულ პირებს, რომელთაც არ აქვთ მიღებული სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, შესაძლებლობა ექნებათ, 2024 წლის 31 დეკემბრამდე მოიწესრიგონ მოქალაქეობისა და დოკუმენტირების საკითხი და მიმართონ სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის დასადგენად ან საქართველოს მოქალაქეობის სპეციალური წესით მისანიჭებლად.

„ქართული დიასპორების მხარდაჭერა საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის შენარჩუნების გამარტივებაშიც გამოიხატება. შესაბამისად, ჩვენ მივესალმებით ამ ცვლილებებს. საკითხის ირგვლივ არის დისკუსიები იმასთან დაკავშირებით, რომ დამატებით გამარტივების მექანიზმები გაჩნდეს ადამიანებისთვის, რომლებიც დაიბადნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამ თემებზე მუშაობა გაგრძელდება და ჩვენ მხარს დავუჭერთ ასეთ ინიციატივებს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0