საინფორმაციო შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან გაიმართა

19/05/2016

თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით ვაზიანში აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. „ნატო და უსაფრთხოება“ – ასე ერქვა შეხვედრას, რომლის მიზანი საქართველოს ნატოში ინტეგრაციისა და ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე რეგიონების წარმომადგენლებისთვის დეტალური ინფორმაციების მიწოდება იყო.
ღონისძიებაზე საქართველოს რეგიონებში არსებულ საინფორმაციო გარემოზე, უსაფრთხოების საკითხებზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატოსთან თავსებადობისა და სამშვიდობო მისიებში მიღებული გამოცდილებების საკითხებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე და ვარშავის სამიტთან დაკავშირებულ მოლოდინებზე.
სტუმრებს IV მექანიზირებული ბრიგადის ისტორიაზე სპეციალური ვიდეორგოლი აჩვენეს, მოგვიანებით სამხედრო ტექნიკა და სიმულაციური ცენტრი დაათვალიერებინეს და სამხედრო ულუფითაც გაუმასპინძლდნენ.
თვითმმართველობების წარმომადგენლებთან შეხვედრა თავდაცვის სამინისტროს, ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან კოორდინაციით ხორციელდება.
აღნიშნულ ფორუმში მონაწილე თვითმმართველობების წარმომადგენელები საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის 53-ე სხდომის გადაწყვეტილების შესაბამისად, მუნიციპალიტეტებში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში პასუხისმგებელ პირებად დასახელდნენ.
თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ორგანიზებით შემდეგი შეხვედრა 31 მაისს, სენაკში დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების წარმომადგნელებთან გაიმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0