საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებლებისთვის ულიმიტო მგზავრობის სისტემა 2022 წლის პირველი თებერვლიდან ამოქმედდება

21/12/2021

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებლებისთვის ულიმიტო მგზავრობის სისტემა და შესაბამისი ტიპის ბარათები შეიქმნება. მისი თქმით, 2017 წლიდან დღემდე, სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა და სამომავლოდაც გაგრძელდება, რათა დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულად მოწესრიგდეს.

„იცით, რამდენად მნიშვნელოვანია სატრანსპორტო პოლიტიკა, რეფორმა, რომელიც ჩვენ 2017 წელს წამოვიწყეთ და მთელი რიგი ღონისძიებები და კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით ამ მიმართულებით. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საზოგადებრივი ტრანსპორტი იყოს მოწესრიგებული. მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო საზოგადოებას, თუ რა გავაკეთეთ ამ მიმართულებით: შეიქმნა ტრანსპორტის განვითარების გეგმა; ახლდება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, გამოიყოფა ე.წ. ბასლაინები, ველობილიკები; იდენტიფიცირებულია ათი ძირითადი სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც მგზავრთა ნაკადის ძირითადი ნაწილის გადაყვანას უზრუნველყოფს; ერთმანეთთან სინქრონდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი – მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსი. გადახდის სისტემაც ერთიანი, ინტეგრირებული იქნება; განახლდა ავტობუსების პარკი; მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით, ახლდება მიკროავტობუსების პარკი; განხორციელდა ტაქსების რეფორმის ორი ეტაპი და მზადდება მესამე ეტაპის რეფორმა; შეიქმნა ახალი საპარკინგე სისტემა. ზემოთ ჩამოთვლილი რეფორმებით, ჩვენ ვქმნით თანამედროვე ტიპის სატრანსპორტო სისტემას, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების ხარისხს, ამცირებს მგზავრთა გადაყვანის დროს, საცობებს და ჰაერის დაბინძურების ხარისხს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებლებისთვის ულიმიტო მგზავრობის სისტემა 2022 წლის პირველი თებერვლიდან ამოქმედდება და შეიქმნება შესაბამისი ტიპის ბარათები.

„ამ რეფორმებს და განახლებულ სატრანსპორტო სისტემას, რა თქმა უნდა, სჭირდება გადახდის სისტემის განახლებაც. იმ ტიპის სისტემის შექმნა, რომელიც უფრო კომფორტულს, აქტიური მომხმარებლებისთვის უფრო იაფს, თანამედროვეს გახდის გადახდის სისტემას. შემოგვაქვს სააბონემენტო სისტემა, რაც ძალაში 2022 წლის პირველი თებერვლიდან შევა. უშუალოდ აბონემენტების შეძენა 5 იანვრიდან დაიწყება. მათი შეძენა შესაძლებელი იქნება თბილისის მეტროს სალაროებში და „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალებში“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, იმოქმედებს, როგორც 90-წუთიანი, ასევე, ერთთვიანი და ერთწლიანი სააბონემენტო სისტემა.

„ულიმიტო, 90-წუთიანი ბარათი (ერთი ლარი) – იმ ადამიანებს, რომლებიც ხშირად არ მგზავრობენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს და არ სჭირდებათ შეღავათიან ფასში ხანგრძლივვადიანი ბარათის შეძენა, 90 წუთის განმავლობაში, ერთ ლარად შეეძლებათ ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა – მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსი, სადაც გადაჯდომისას, 90 წუთის განმავლობაში, დამატებით თანხას არ გადაიხდიან; ულიმიტო, ერთდღიანი ბარათი (სამი ლარი) – ერთდღიანი ბარათის მფლობელს შეეძლება, მთელი დღის განმავლობაში, ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავროს მხოლოდ სამ ლარად; ულიმიტო, ერთკვირიანი ბარათი (20 ლარი) – ერთკვირიანი ბარათის მფლობელს შეეძლება, მთელი კვირის განმავლობაში, ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა 20 ლარად. ეს ბარათი ძირითადად, ტურისტებზეა გათვლილი;
ულიმიტო, ერთთვიანი ბარათი (40 ლარი) – ერთთვიანი ბარათის მფლობელს შეეძლება, მთელი თვის განმავლობაში, ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავროს მხოლოდ 40 ლარად. ეს ჩვენი გათვლებით, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბარათი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის, ვინაიდან ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევებით დასტურდება, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველაზე აქტიურ მომხმარებლებს დღეში საშუალოდ, ორი ტიპის ტრანსპორტის გამოცვლა უწევთ, რაშიც ყოველთვიურად 50-60 ლარს იხდიან. აღნიშნული ბარათის მფლობელები კი თვის განმავლობაში, საშუალოდ, 10-დან 20 ლარამდე ეკონომიას გააკეთებენ); ულიმიტო, სამთვიანი ბარათი (100 ლარი) – ეს ბარათი კიდევ უფრო მაღალ ეკონომიას უზრუნველყოფს ტრანსპორტის აქტიური მომხმარებლებისთვის); ულიმიტო, ექვსთვიანი ბარათი -(150 ლარი) – ეს ბარათი კიდევ უფრო მაღალ ეკონომიას უზრუნველყოფს ტრანსპორტის აქტიური მომხმარებლებისთვის, ვინაიდან ამ ბარათის მომხმარებლის სატრანსპორტო დანახარჯი თვეში მხოლოდ 25 ლარს შეადგენს; ულიმიტო, ერთწლიანი ბარათი (250 ლარი) – ერთწლიანი ბარათის მფლობელს თვეში მხოლოდ 20 ლარად შეეძლება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით ულიმიტოდ სარგებლობა“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

გარდა ამისა, კახა კალაძის განცხადებით, უფასო და შეღავათიანი მგზავრობით მომხმარებელთა რამდენიმე კატეგორია ისარგებლებს.

„უფასო მგზავრობის უფლებით ისარგებლებენ თბილისში რეგისტრირებული უსინათლო პირები, მათი თანმხლები და გამცილებელი პირები; მოსწავლეები; უბნის ინსპექტორები და ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები; თბილისის მუნიციპალური ბაგა-ბაღების თანამშრომლები; თბილისში რეგისტრირებული სამხედრო ძალების ვეტერანები და სხვა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მგზავრობის უფლებით კვლავ ისარგებლებენ სტუდენტები, პენსიონერები და სხვა საზოგადოებრივი ჯგუფები.

„შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით/ფასით (0,2 ლარი) მგზავრობის უფლებით ისარგებლებენ თბილისის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები და პროფესიული სტუდენტები; საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლები; პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლები; პენსიონერები, თბილისის საკუთრებაში არსებულ პოლიკლინიკებში დასაქმებული უბნის ექიმები, უბნის პედიატრები და ოჯახის ექიმები; თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე მანდატურები და სხვა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით/ფასით (0,1 ლარი) მგზავრობის უფლებით ასევე, ისარგებლებენ
„სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე, თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა ასევე განაცხადა, რომ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახების ფართებით დასაკმაყოფილებლად გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში ოთხმა კომპანიამ გაიმარჯვა. მინდა, შევეხო კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოქალაქეების პრობლემას. იცით, რომ სახელმწიფოს ეს ვალი აღიარებული აქვს, თუმცა, გარკვეული დროის განმავლობაში, ეს ადამიანები საკუთარი ფართების მიღებას ვერ ახერხებდნენ. 2017 წლიდან დავიწყეთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, გადაწყვეტილებების მიღება, რომ ოჯახები, რომლებიც უკვე იდენტიფიცირებული არიან, საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ. არის კონკრეტული ადგილები, სადაც მშენებლობაა დაწყებული და ადამიანების გარკვეული რაოდენობა საცხოვრებელ ბინებს ელოდება. არიან კონკრეტული სამშენებლო კომპანიები, რომლებიც მშენებლობის ნებართვის აღების პროცედურებს გადიან და მშენებლობას უახლოეს მომავალში დაიწყებენ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, საცხოვრებელი ფართებით კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული დამატებით, 99 ოჯახი დაკმაყოფილდება.

„ჩვენ უკვე გვყავს ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული კომპანიები. შპს „გრანდ თაუერს“ პირდაპირი განკარგვის ფორმით, გადაეცა პეტრიწის ქუჩის ბოლოში არსებული 2 010 კვ.მ მიწის ნაკვეთი, სადაც 27 პირი დაკმაყოფილდება; შპს „ლიტ ჯეო ინვესტს“ გადაეცა დიდ დიღომში არსებული 4 057 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ამ შემთხვევაში, ფართებით დაკმაყოფილდება 24 პირი. ასევე, შპს „ლიტ ჯეო ინვესტს“ გადაეცა გმირ კურსანტთა III შესახვევის N4 მიმდებარედ არსებული 1 968 კვ.მ მიწის ფართობი, სადაც დაკმაყოფილდება 12 პირი; შპს „ნიკე გრუპს“ დიდი დიღმის II მიკრორაიონში, დემეტრე თავდადებულის ქუჩის მიმდებარედ, გადაეცა 3 351 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ამ შემთხვევაში, დაკმაყოფილდება 36 პირი. აღნიშნული გადაწყვეტილებით, ფართებით 99 ოჯახი დაკმაყოფილდება და უახლოეს მომავალში შეძლებენ, საკუთარი საცხოვრებელი ფართები მიიღონ. ჩვენ ვაგრძელებთ პროგრამას და გვინდა, 3 000 მომლოდინე ოჯახს, რომლებსაც ეს პრობლემა ათეული წლებია ტვირთად აწევთ, საცხოვრებელი ფართების მიღებაში დავეხმაროთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ყურადღება საახალწლო ღონისძიებებზეც გაამახვილა. აღინიშნა, რომ თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული „საახალწლო სოფლის“ გახსნის ცერემონია 24 დეკემბერს, დედაენის ბაღში გაიმართება. მისი თქმით, „საახალწლო სოფელი“ ორბელიანის მოედანსა და დედაენის ბაღში 14 იანვრის ჩათვლით განთავსდება.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება მრავალფეროვანი საახალწლო დეკორაციები, ინსტალაციები, (სინთეტიკური) ყინულის მოედანი, ღია კინოთეატრი, გიგანტური ზღაპრის წიგნი და მეზღაპრე, საახალწლო ბაზრობა, კვების ობიექტები, ტკბილეულობის ფესტივალი, საბავშვო ატრაქციონები, დეკორირებული ნაძვის ხე და თოვლის ბაბუის სახლი. დღის საათებში, საახალწლო სოფელში პატარებისთვის მოეწყობა გიგანტური სანტას კლაუსის მსვლელობა და საბავშვო-გასართობი შოუ-კონცერტები, საღამოს კი უფროსებისთვის, საესტრადო შემსრულებლების, მუსიკალური ბენდების და ელექტრონული მუსიკის წარმოდგენები გაიმართება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„საახალწლო სოფელი“ 14 იანვარს, დიდი მუსიკალური შოუ-პროგრამით დაიხურება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0