“საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ” პრეზიდენტის ვეტოს საპარლამენტო კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა

14/02/2018

საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა” და “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომამ განიხილა.
დეპუტატებს საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა წარუდგინა და იმ ძირითად საფრთხეებზე და რისკებზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი ქმნის.
მისი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის და “შესყიდვების შესახებ” კანონში ცვლილებების კანონად გადაქცევა დააზიანებს ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს, არსებულ მედიაგარემოს, პრობლემებს შეუქმნის თავად საზოგადოებრივ მაუწყებელს და კითხვის ქვეშ დააყენებს საზოგადოებრივი მაუწყებლის არსსა და მიზნებს, შექმნის კორუფციის რისკებს.
ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, დღევანდელი კანონმდებლობით, დადგენილია შეზღუდვები საზოგადოებრივ მაუწყებელში რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებით. ეს ცვლილებები კი, ცვლის არსებულ სურათს და საზოგადოებრივ მაუწყებელს კომერციული რეკლამის განთავსების უფლება ეძლევა. როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ამბობს, ეს ნიშნავს იმას, რომ “საზოგადოებრივი მაუწყებელი” რეალურად შევა კონკურენციაში იმ კერძო მედიასთან, რომელიც სარეკლამო ბაზრიდან იღებს არსებობისათვის საჭირო და აუცილებელ მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს.
“ეს იქნება უთანასწორო და უსამართლო კონკურენცია. კერძო მედიას უწევს გადარჩენისათვის ბრძოლა. უთანასწორო პირობების დაწესებით კი, გაუჭირდებათ და შეექმნებათ სერიოზული პრობლემები.
“საზოგადოებრივ მაუწყებელს” არაფერი შეუშლის ხელს, რომ არ დააწესოს დემპინგური ფასები რეკლამაზე”, – აღნიშნა კომიტეტის სხდომაზე ანა ნაცვლიშვილმა. მისი განცხადებით, ეს ცვლილებები აზარალებს ყველა, პატარა, რეგიონული მედიასაც, რომელიც დასუსტდება. კანონი მოახდენს უარყოფით გავლენას დემოკრატიის ხარისხზე, მის განვითარებაზე, დემოკრატიულ პროცესებში მოსახლეობის ჩართულობაზე. შესაბამისად, პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებს შორს მომავალი, დამაზიანებელი გავლენები აქვს.
“ამ რეგულაციების კანონად გადაქცევა ხელყოფს საერთაშორისო ვალდებულებებს, ართმევს თავად “საზოგადოებრივ მაუწყებელს” ამოცანებსა და მიზნებს. ეს იქნება მაუწყებლის კომერციალიზაციისაკენ გადადგმული ნაბიჯი. ის თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკური და ფინანსური გავლენებისაგან.

საზმაუ სხვა ტიპის სიკეთეა. იგი არ ემსახურება საზოგადოებას, როგორც კლიენტს, ან ამომრჩეველს, ის ემსახურება საზოგადოებას, როგორც მოქალაქეს. მისი პრიორიტეტები, ამ მხრივ, შეიცვლება. ის შეეცდება მოიზიდოს და შეინარჩუნოს კლიენტი. ეს ცვლილებები ვერ მოაგვარებს იმ გამოწვევებს, რაზეც მენეჯმენტი საუბრობს და შექმნის კიდევ უფრო სხვა პრობლემებს. ძლიერი, დამოუკიდებელი მაუწყებლის სიკეთის მიმღები მოქალაქეები არიან. მივიღებთ გაღარიბებულ კომერციულ არხებს და კომერციულ საზოგადოებრივ მაუწყებელს”, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.
რაც შეეხება “შესყიდვების კანონში” ცვლილებებს, ამ ცვლილებებით, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ხდება საზმაუს ამ კანონის რეგულირების სფეროდან გამოსვლა და ჩნდება კორუფციის რისკები.
“შესყიდვების კანონი იძლევა საშუალებას ობიექტური საფუძვლების დროს გამარტივებული წესით იმოქმედოს. საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის მნიშვნელოვანია, პროდუქციის და მომსახურების ხარისხი და არა ფასი, შესაბამისად, ტენდერის შესაბამისი ფორმის გამოყენებით, შესაძლებელია ხარისხს მიენიჭოს უპირატესობა, რაც ევრორეგულაციის შესაბამისობაცაა”, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი კანონში კორუფციულ რისკებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ თუ აღნიშნული კანონი დაკანონდება “საზოგადოებრივ მაუწყებელს” შეუძლია ბიუჯეტიდან მიღებული თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი დახარჯოს ისე, რომ ეს ხარჯვა არ დაუქვემდებაროს არანაირ წესს თუ პროცედურას, ვინაიდან დღევანდელი რედაქციით შესყიდვების დიდი ნაწილი გამოდის მოქმედი რეგულაციებიდან და არანაირი ახალი რეგულაციების დაწესება გათვალისწინებული არ არის.
კენჭისყრის შედეგად “საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ” პრეზიდენტის ვეტოს საპარლამენტო კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა. ვეტოს განხილვას ესწრებოდნენ მედიის წარმომადგენლები და კერძო მაუწყებლების მენეჯერები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0