საზოგადოების ზეწოლის შედეგად ხელისუფლებას კომპრომისზე წასვლა მოუწია

14/04/2016

გიორგი ვაშაძის განცხადებით, საზოგადოების ზეწოლისა და წნეხის შედეგად მათ მიეცათ შესაძლებლობა კიდევ ერთი წინასაარჩევნო თვე ჰქონდეთ. როგორც ვაშაძემ განაცხადა, „ქართულ ოცნებას“ ოქტომბრის არჩევნების ეშინია და მათ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე უარის თქმა არ უნდათ.

„საზოგადოების ზეწოლისა და წნეხის შედეგად ხელისუფლებას გარკვეულ კომპრომისზე წასვლა მოუწია და მათ გვაჩუქეს ერთი თვე საარჩევნო კამპანიისთვის. ისიც ფაქტია, რომ „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო კამპანიის დაწყების ეშინია. „ქართულ ოცნებას“ არ უნდა უარი თქვას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე. საზოგადოებას მინდა ავუხსნა, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ნიშნავს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე საარჩევნო კამპანიის ჩატარებას. ჩვენ გარკვეულ გამარჯვებას მივაღწიეთ და ისე უნდა ვიმუშავოთ, რომ ვაიძულოთ ხელისუფლება წავიდეს დათმობებზე. მეორე მხრივ, ნათელია, რომ ”ოცნებას” ეშინია არჩევნების და ის აუცილებლად დამარცხდება“, – განაცხადა ვაშაძემ.

პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტს თხოვნით მიმართავს, არჩევნებთან დაკავშირებით ახალი განკარგულება ივლისში გამოსცეს. როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, უმჯობესი იქნება თუკი ეს 8 ივლისს, არჩევნებამდე 3 თვით ადრე მოხდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0