დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა. კახა კალაძემ სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს მოუწოდა, ბინათმშენებლობების კოოპერატივებით დაზარალებული მოსახლეობისთვის გადასაცემ ფართებთან დაკავშირებით, საკუთარი წინადადებები წარმოადგინონ.
„ბინათმშენებლობების კოოპერატივებით დაზარალებულთა ფართებით დაკმაყოფილება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. აღნიშნული პრობლემა 3000-ზე მეტ ოჯახს 90-იანი წლებიდან აწუხებს. ჩემი წინასაარჩევნო დაპირებაც იყო, რომ ამ პრობლემის მოგვარებას დავიწყებდით. კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადაიდგა. ჩვენ ვიქნებით ქალაქის ის მთავრობა, რომელიც ამ ადამიანებს აღნიშნულ პრობლემას მოუგვარებს და მათი ბინებით უზრუნველყოფა მოხდება. უკვე შევარჩიეთ კონკრეტული არეალები, სადაც შესაძლებელი იყო მშენებლობების განხორციელება. გამოცხადებული გვქონდა ინტერესთა გამოხატვა, თუმცა სამწუხაროდ, არცერთი დაინტერესებული კომპანია არ აღმოჩნდა, ვინც ამ პროექტებს განახორციელებდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, დედაქალაქის მერია დაინტერესებულ პირებთან და სამშენებლო კომპანიებთან თანამშრომლობისთვის მზადაა.
„მესმის სამშენებლო კომპანიების, რადგან ყველას საკუთარი ბიზნესმოდელი აქვს, თუმცა ჩვენ მიდგომა შევცვალეთ. აღნიშნული პროექტებით ძალიან ბევრი სამშენებლო კომპანიაა დაინტერესებული, ისინი დაზარალებულ მოქალაქეებთან ერთად მოდიან და მერიას სხვადასხვა წინადადებას სთავაზობენ. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის. მინდა მივმართო სამშენებლო კომპანიებს, აღნიშნულ მიწებზე საკუთარი წინადადებები წარმოადგინონ. გვინდა, მათი წინადადებები მერიის ვებგვერდზე განვათავსოთ, სადაც მათი ნახვის შესაძლებლობა ყველა დაინტერესებულ მხარესა და კომპანიას ექნება. გამარჯვებულად კი ჩაითვლება ის, რომელიც დედაქალაქის მერიას მეტ ფართს შესთავაზებს, რათა საცხოვრებლით რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაკმაყოფილდეს“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
მეორე საკითხი, რომელზეც კახა კალაძემ ყურადღება გაამახვილა, თბილისის სატელევიზიო ანძის მოდერნიზაციის პროექტია, რომლის პრეზენტაციაც ბიზნესსექტორისთვის უახლოეს პერიოდში გაიმართება. პროექტის ფარგლებში, 10 მილიონი ევროს ინვესტიცია და რაც ყველაზე მთავარია, ანძის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება.
„თბილისის სატელევიზიო ანძის მოდერნიზაციის პროექტი ჩემი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირებაა. ჩვენ კლიპიც კი გვქონდა მომზადებული, თუ როგორ წარმოგვედგინა ანძის მოდერნიზების პროექტის განხორციელება. ეს პროექტი, სრული მოდერნიზაციის გარდა, ვიზიტორთა ცენტრის მოწყობას ითვალისწინებს. კონცეფცია ესტონურმა კომპანია „კოკო არქიტექტსმა“ (KOKO architects) შეიმუშავა, რის შემდეგაც, კულტურის საბჭოზე მისი რამდენიმე ვერსია განვიხილეთ. შემუშავებულია ორი ვარიანტი და გვინდა, გავაგრძელოთ მუშაობა იმაზე, თუ რომელი მათგანი განხორციელდება. შესაბამის რენდერებს ინტერნეტსივრცეში განვათავსებთ და ამის მიხედვით გავიგებთ, რომელი ვერსია იქნება საზოგადოებისთვის უფრო მისაღები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე განმარტებით, პროექტის მიხედვით, ანძაზე წლიურად, 300 000 ვიზიტორზე გათვლილი ცენტრი და რესტორანი უნდა განთავსდეს. ასევე, მოეწყობა გადმოსახედი ტერასა.
„აღსანიშნავია, რომ ანძას ძალიან დიდი ხანია, სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებია, ამიტომ, სრული რეაბილიტაციაც სჭირდება. პროექტი საკმაოდ მნიშვნელოვანი და ეფექტურია ტურიზმის განვითარებისთვის. გარდა ამისა, ობიექტზე, რომელიც 75 მეტრის სიმაღლეზე და ორდონიან კონსტრუქციას მოიცავს, მუდმივად 40 ადამიანი იქნება დასაქმებული. ობიექტის პირველ დონეზე 250 ადგილით პანორამული რესტორანი განთავსდება, ხოლო მეორე დონეზე ღია პანორამული გადასახედი პლატფორმა“, – განაცხადა თბილისის მერმა.
თბილისის მერმა განსაკუთრებული მადლობა კულტურის საბჭოს წევრებს და იმ სპეციალისტებს გადაუხადა, რომლებმაც ესტონელ პარტნიორებთან ერთად, პროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს. კახა კალაძის განცხადებით, სატელევიზიო ანძის მოდერნიზების პროექტთან ერთად, უახლოეს პერიოდში, ასევე, ბიზნესსექტორისთვის რადიოქალაქის პროექტის წარდგენა იგეგმება. დედაქალაქის მერი მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ასევე, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ სიუჟეტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საბავშვო ბაღების აღსაზრდელების კვებით მომარაგებასთან დაკავშირებული ტენდერი 4 დეკემბერს გამოცხადდა და ჯერ კიდევ დახურულია. შესაბამისად, შეუძლებელია რომელიმე მონაწილე კომპანიის ნახვა იმ ეტაპამდე, ვიდრე ყველა კომპანიის წინადადების მიღება არ დასრულდება.
„მინდა, შევეხო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სიცრუეებს, რომელსაც ვეღარ ავუდივართ. მთავრობის სხდომას ვერ ვატარებთ ისე, რომ მათ ტყუილებზე პასუხის გაცემა არ მოგვიწიოს. რადგან მე პასუხისმგებელი ვარ მერიაზე და მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენებზე, ვალდებული ვარ, საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მივაწოდო. ასევე, მინდა, მოვუწოდო ყველა სახელმწიფო უწყებას, ამ ტელეკომპანიას არცერთი ტყუილი და სიცრუე არ გაუტარონ, რადგან ამას საზოგადოება ისმენს და სიმართლე ჰგონია. ყველა ტყუილზე უნდა მოხდეს რეაგირება. სხვათა შორის, კვლევის თანახმად, „რუსთავი 2“-დან მოწოდებული ინფორმაციის 79% სიცრუეა. სიუჟეტში საუბარი იყო, თითქოს, საბავშვო ბაღების 61 ათასი აღსაზრდელი საკვების გარეშე დარჩა. სრულიად გაუგებარია, საიდან მოაქვთ ეს ინფორმაცია. მინდა, მოსახლეობას ვუთხრა, რომ ეს ძალიან დიდი ტყუილია“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
მისივე თქმით, სიუჟეტი ეთერში 6 დეკემბერს გავიდა, კვების ტენდერი კი 4 დეკემბერს იყო გამოცხადებული.
„ტენდერი დღეს მთავრდება და გამარჯვებული კომპანია სწორედ დღეს გახდება ცნობილი. ახლაც კი შეუძლებელია, მასში მონაწილეების ვინაობა ვნახოთ, რადგან ტენდერი დახურულია. გამარჯვებული კომპანია პროცედურების დასრულების შემდეგ გვეცოდინება. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს, თავი დაანებონ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობას. ჩვენ ამის შესაძლებლობას არ მივცემთ. მე, პირადად, ვალდებული ვარ ჩვენი მოსახლეობის, ამომრჩევლის წინაშე, ყოველთვის სწორი ინფორმაცია მივაწოდო მათ და წვდომა ჰქონდეთ იმ საკითხებზე, რომელსაც დედაქალაქის მერია ახორციელებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერი საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებულ გუშინდელ სიუჟეტსაც გამოეხმაურა, სადაც, მისი თქმით, საუბარი იყო, თითქოს, მერია საახალწლო სცენის მოწყობაში 2 მლნ ლარს ხარჯავს.
„დღეს მე წამოვიღე ამ ტელევიზიით გამოდმოცემული მასალის „სქრინები“. ეს იმ ტენდერების „სქრინებია“, რომლებზეც გუშინ გვიმტკიცებდნენ, რომ სცენის მოწყობაზე, გადახურვაზე და ა.შ. 2 მლნ იხარჯება. მოცემული ციფრები რომ დავაჯამოთ, დაახლოებით, 1 მლნ 61 ათასი ლარი გამოდის. საიდან მოიტანეს 2 მლნ ლარი, გაუგებარია. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ სატენდერო დოკუმენტაციაში პირდაპირ არის მითითებული, რომ ეს არის ტენდერი სცენაზე, მოწყობილობებზე, რომელიც 2018-2019 წლებში ჩასატარებელი ღონისძიებებისთვისაა საჭირო. ჩვენ ძალიან ბევრ ღონისძიებას ვატარებთ, რომელთა შორისაა, „თბილისობა“, 26 მაისის დღესასწაული, პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“, პროექტი „თბილისი“, ეს მოწყობილობები კი, ყველა ამ ღონისძიებას მთელი წლის განმავლობაში უნდა მოემსახუროს. „რუსთავი 2“-ს მოსახლეობა შეცდომაში შეყავს, თითქოს 2 მლნ იხარჯება იმისთვის, რომ საახალწლოდ სცენა მოვაწყოთ და გადავხუროთ. შეიძლება, კახა კალაძე ან „ქართული ოცნება“ არ მოგწონდეს, მაგრამ ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას დაავალა, ტურისტულ ზონებში ხმაურის კონტროლი მაქსიმალურად გამკაცრდეს, რადგან მისი თქმით, ამ მიმართულებით, არსებული მდგომარეობა კრიტიკულია. მისი თქმით, ბოლო პერიოდში კანონმდებლობაში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა, რომლის საფუძველზეც ხმაური რეგულირდება. მისი კონტროლი კი, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა.
„სამწუხაროდ ამ მიმართულებით, სერიოზული პრობლემები გვაქვს. თბილისში ეს რეგულაცია დაცული არ არის. ტურისტულ არეალებში საკმაოდ კრიტიკული მდგომარეობაა. განსაკუთრებით შეწუხებულია კალაუბნის მოსახლეობა, ასევე, სერიოზულად ზარალდება ამ უბნებში განთავსებული სასტუმროები. მინდა მუნიციპალურ ინსპექციას მივმართო – ჩემი კატეგორიული მოთხოვნაა, რომ ეს ყველაფერი მოწესრიგდეს და დარეგულირდეს. ჩვენ რა თქმა უნდა, არავის ვერჩით – კაფეც უნდა იყოს, ბარიც, დისკო-კლუბებიც, მაგრამ ის მიდგომა, რაც ამ კონკრეტულ ლოკაციებზე ხდება მიუღებელია. გამოდგმული აქვთ დინამიკები გარეთ, ცდილობენ ერთმანეთის გადაფარვას და სრული ქაოსია. მსგავსი დამოკიდებულება არცერთ განვითარებულ ქალაქში არ არის. ამიტომ, ჩემი დავალებაა, რომ აღნიშნული პრობლემა რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, Google-ის რუკაზე უკვე გაჩნდა წითლად აღნიშნული არეალები, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ თბილისში, კონკრეტულ ადგილებში დარჩენა არ არის რეკომენდებული.
„ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს იმ ადამიანებისთვის, ვინც გარკვეული ინვესტიციები განახორციელა, სასტუმროები ააშენა, ხალხი ყავს დასაქმებული, იმის გამო, რომ ვიღაცას გამოდგმული აქვს დინამიკები და ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო მაღალ ხმაზე მოასმენინებს ხალხს მუსიკას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ამ ყველაფერს არ ვეწინააღმდეგებით, მაგრამ არსებული მდგომარეობა უნდა მოწესრიგდეს და კანონთან შესაბამისობაში მოვიდეს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
ბოლო საკითხი, რომელზეც კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა, თბილისში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროცესში საზოგადოების ჩართულობა და საახალწლოდ, დედაქალაქში დაგეგმილი ღონისძიებებია.
„ბოლო თვეების განმავლობაში, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. მოსახლეობის მხარდაჭერა და თანადგომა გვაძლევს კიდევ უფრო მეტ სტიმულს, რომ უფრო მეტი გავაკეთოთ, მეტი პროექტი განვახორციელოთ. საზოგადოების გარეშე, მხოლოდ მერია და მერიის თანამშრომლები ვერაფერს გააკეთებენ. ვფიქრობ, უმთავრესი მაინც არის ის, რისი ნაკლებობაც, სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ქალაქში ნათლად იგრძნობა; ის, რაც არის მთავარი მამოძრავებელი ძალა და მოტივატორი ყველა კარგი და დიდი საქმის კეთების დროს – ეს არის სიყვარული.
უფრო მეტი სიყვარული გვმართებს ერთმანეთის, უბნის, ქალაქის, მოხუცების, ახალგაზრდების, გაჭირვებაში მყოფი ადამიანების, ქუჩის ბინადარი ცხოველების მიმართ; მეტი პატივისცემა გვმართებს, როგორც ჩვენი დიდი მემკვიდრეობის, ისე სიახლეებისადმი. ვისურვებდი, სწორედ სიყვარული იყოს ყოველი ახალი წამოწყების საფუძველი. არა ბოღმით, ერთმანეთის ლანძღვით და ქილიკით, არამედ სიყვარულით ვაკეთოთ საქმე და ასე ვემსახუროთ ჩვენს ქალაქს, მოსახლეობას და სამშობლოს. სწორედ ამიტომ, ჩვენი წლევანდელი საახალწლო სლოგანი იქნება – „სიყვარულით სავსე ქალაქი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, არავის სიამოვნებს ის გარემო და მდგომარეობა, რომელშიც დღეს საზოგადოება იმყოფება.
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება, ეს არის ურთიერთპატივისცემა, ერთმანეთისადმი სიყვარული. დაიღალა საზოგადოება ამდენი სიძულვილით, ბოღმით, შეურაცხყოფით ერთმანეთის მიმართ. მესმის, რომ შეიძლება გვქონდეს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს ცივილური – უნდა იყოს პოლემიკა, დებატები და არა ისე, რაც დღეს ხდება. ეს კატეგორიულად მიუღებელია ყველასთვის. არავის სიამოვნებს ის გარემო და მდგომარეობა, რომელშიც ვიმყოფებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, თბილისის მერმა დედაქალაქში დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებებზეც ისაუბრა. მისივე თქმით, ნაძვის ხის განთავსებასთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
„28 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გიმასპინძლებთ საახალწლო სოფელში, რომელშიც დამთვალიერებელს დახვდება ახალი ინსტალაციები, დიდი საბავშვო სივრცეები, ზღაპრის გმირები, საბავშვო კონცერტები, დღის ბენდები და საღამოს თემატური კონცერტები, საშობაო ბაზრობა და მოქალაქეებს სხვადასხვა კერძების დაგემოვნებაც შეეძლებათ. საახალწლო კონცერტებში ყველა შემსრულებელი მიიღებს მონაწილეობას – საზოგადოებას აქაც არ დავყოფთ „იმისიანებად“ და „ამისიანებად“. ამ მდგომარეობიდან უნდა გამოვიდეთ, რადგან ამა თუ იმ ჯგუფად საზოგადოების დაყოფა კატეგორიულად მიუღებელია. მთლიანობაში საახალწლო ღონისძიებებში დაახლოებით, 500 მონაწილე იქნება ჩართული“, – განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე ინფორმაციით, 7 იანვარს, საახალწლო სოფელს ყველა დროისა და ყველასათვის საყვარელი მიუზიკლი „ჩხიკვთა ქორწილი“ დახურავს, რომელიც „თბილისის ცის ქვეშ“ პირველად გათამაშდება.
„რაც შეეხება გალა კონცერტს, მისი კონცეფცია სამ ნაწილად იყოფა და სცენაც სწორედ სამ სივრცედ გადანაწილდება. ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით, ორკესტრთან ერთად, ყველა დროის ყველაზე საყვარელი კინომუსიკა შესრულდება. რა თქმა უნდა, საახალწლო და საშობაო განწყობისთვის, ყველასთვის საყვარელი საშობაო სიმღერები გაჟღერდება. წარმოდგენილი იქნება 40 ნომერი და მსმენელის წინაშე 170 მუსიკოს-შემსრულებელი წარსდგება. დარწმუნებული ვარ, ყველა თაობის ადამიანისთვის იქნება სივრცეები, სადაც შეგიძლიათ, მობრძანდეთ და საახალწლო განწყობა შეიქმნათ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. დარწმუნებული იყავით, ყოველთვის თქვენს სამსახურში ვიქნებით. ჩვენ ვემსახურებით ჩვენს ქალაქს და თბილისის მოსახლეობას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.