სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია დღემდე რჩება ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს უმნიშვნელოვანეს მიღწევად

28/03/2022

„საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებიდან 5 წელი შესრულდა. სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია დღემდე რჩება ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს უმნიშვნელოვანეს მიღწევად, რომელმაც საქართველოს მოქალაქეებისთვის ხელშესახები შედეგები მოიტანა“, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ პერიოდში საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, უვიზოდ, დაახლოებით მილიონ ნახევარი ვიზიტი განხორციელდა.

„ევროკავშირში უვიზო მიმოსვლამ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი გახადა ახალი შესაძლებლობები და მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებას. ეს კი თავის მხრივ, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ყველაზე მყარი საფუძველია“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა იყო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ გატარებული მრავალრიცხოვანი და კომპლექსური რეფორმების შედეგი, რაც მიზნად ისახავდა ქვეყნის უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგისა და ადამიანის უფლებების უკეთ დაცვას, დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპების განმტკიცებას. როგორც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ახალ ეტაპზე გადავიდა, გაკეთებულია ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე ოფიციალური განაცხადი.

„ველით ევროკავშირის პასუხს, რომელიც, იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს შეუქცევადს გახდის ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ერთად უნდა მოვემზადოთ იმ ახალი გამოწვევებისა და შესაძლებლობებისთვის, რაც საქართველოს და საქართველოს მოქალაქეების წინაშე იქმნება. ევროკავშირის სივრცეში სრული ინტეგრაცია ადამიანების თავისუფალ გადაადგილებასაც ნიშნავს, რაც თავის მხრივ, ევროკავშირის შრომითი ბაზრის გახსნასაც გულისხმობს ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0