ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველო – სომხეთის ბიზნესფორუმში მიიღო მონაწილეობა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, სომხეთის ინფრასტრუქტურისა და ტერიტორიული ადმინისტრაციის მინისტრ გნელ სანოსიანთან ერთად, მოხსენება გააკეთა ორი ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენლების წინაშე.
„ბოლო წლების განმავლობაში საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სავაჭრო ბრუნვა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. საქართველოდან ექსპორტი სომხეთში მიმდინარე წელს უკვე 133 მლნ დოლარს შეადგენს. ჩვენი მოლოდინით, ზრდის ტენდენცია წლის განმავლობაში გაგრძელდება. სავაჭრო ურთიერთობების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ უშუალოდ ორი ქვეყნის კერძო სექტორსაც შორის იყოს მჭიდრო კავშირი“, – განაცხადა მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.
ბიზნესფორუმში ორი ქვეყნის 450-მდე ბიზნესმენმა მიიღო მონაწილეობა, რომლებიც წარმოადგენდნენ ისეთ სექტორებს, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, სამშენებლო სექტორი, საცალო ვაჭრობა, ტურიზმი, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ლოგისტიკა და სხვა. ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის მაღალი დონის ვიზიტების დინამიკა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც ხელი შეუწყო ქვეყნებს შორის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას, მათ შორის კერძო სექტორის დონეზე. დღესვე, ლევან დავითაშვილისა და გნელ სანოსიანის პირისპირ შეხვედრა გაიმართა, რომელზეც საუბარი ორმხრივი სავაჭრო – ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე წარიმართა. შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა სომხეთის მხარე დაპატიჟა მეოთხე საერთაშორისო აბრეშუმის გზის ფორუმზე, რომლის გამართვა დაგეგმილია თბილისში, 26-27 ოქტომბერს და მიზნად ისახავს უზრუნველყოს პლატფორმა მაღალი დონის დიალოგისთვის მთავრობასა და ბიზნეს წრეებს შორის.