სავაჭრო ობიექტებში და ყველა აუცილებელ ლოკაციაზე სადეზინფექციო პროცესი მიმდინარეობს ყოველდღიურად

18/03/2020

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან ბრიფინგი გამართა და რეგიონში COVID 19-ის გავრცელების წინააღმდეგ გატარებული პრევენციული ღონისძიებების, რეკომენდაციებისა და არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა. სახელმწიფო რწმუნებულმა 18 მარტიდან რეგიონის მასშტაბით შიდა საქალაქო ტრანსპორტის მოძრაობის შეჩერებისა და საქალაქთაშორისო სამარშრუტო ტაქსების მოძრაობის შეზღუდვაზე გაამახვილა ყურადღება. სრულად შეიზღუდება სპორტდარბაზების და სპა-ცენტრების ფუნქციონირება. საუბარი შეეხო ყველა სამთავრობო და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობას, როგორც საჯარო ასევე კერძო სექტორისა და თითოეული მოქალაქისთვის.
აღნიშნული მიმართულებით რუსთავის მასშტაბით არსებული მდგომარეობისა და კონკრეტული შეზღუდვების შესახებ მედიის წარმომადგენლებს, დეტალური ინფორმაცია ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ მიაწოდა. მისი განცხადებით რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზზე შეზღუდვები არის გამოწვეული აუცილებლობით და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით მიღებული გადაწყვეტილება. მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ყურადღება გაამახვილა საინფორმაციო კამპანიაზე, რომელიც აქტიურად ხორციელდება რეგიონისა და მუნიციპალიტეტების მასშტაბით. სამხარეო ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და სოციალურ ქსელში ინტენსიურ რეჟიმში ქვეყნდება მასალა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის, ყველა ახალი ინიციატივისა და რეკომენდაციის შესახებ.
დამზადდა და უკვე ვრცელდება საინფორმაციო ფლაერები ასევე, აზერბაიჯანულ და სომხურ ენაზე. რეგიონის მასშტაბით, ბაგა-ბაღებისთვის განკუთვნილი, გამოუყენებელი საკვები პროდუქტი სოციალურ სასადილოებს, ბავშვთა სახლებსა და უშუალოს სააღმზრდელო დაწესებულებების ბენეფიციარებს გადაეცემათ. შოთა რეხვიაშვილმა ყურადღება გაამახვილა საკვები პროდუქტების დეფიციტური მოთხოვნის არარსებობის შესახებ, ვინაიდან საზღვრებზე შეზღუდვები სატვირთო გადაზიდვებზე არ გავრცელებულა.
სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა, სკოლებში, ბაღებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ადმინისტრაციულ შენობებში, სავაჭრო ობიექტებში და ყველა აუცილებელ ლოკაციაზე პროცესი მიმდინარეობს ყოველდღიურად. შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, რწმუნებულის ადმინისტრაცია და მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურები, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, მკაცრად გააკონტროლებენ სამთავრობო რეკომენდაციების შესრულების პროცესს. ასევე, სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის მიხედვით, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულისა და რეგიონის მუნიციპალიტეტების ადმინიტრაციებში, COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, შეჩერდა მოქალაქეთა მიღება, თანამშრომლები გადავიდნენ დისტანციური მუშაობის რეჟიმზე, თუმცა მოსახლეობა შეუფერხებლად სარგებლობს საჯარო უწყებებიდან ინფორმაციის მიღების სერვისით, როგორც ტელეფონით ასევე ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0