სავალდებულო სამხედრო სამსახური გადავა მთლიანად თავდაცვის სამინისტროს სისტემაში

12/12/2022

სავალდებულო სამხედრო სამსახური გადავა მთლიანად თავდაცვის სამინისტროს სისტემაში, შეიქმნება ეფექტიანი სისტემა და პროგრამა იქნება მინიმუმ 6-თვიანი, პროექტი დაგვიჯდება 80 მილიონ ლარზე მეტი და 2025 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, თავდაცვის ახალი კოდექსი დიდი სიახლე იქნება და მნიშვნელოვანი რეფორმები დაიწყება თავდაცვის სამინისტროში. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ თავდაცვის კოდექსზე მუშაობა დიდი ხანი მიმდინარეობდა, დეტალურად შეისწავლეს უცხო ქვეყნების გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკები დაამუშავეს.

„ერთ-ერთი მთავარი საკითხი მინდა, რომ გამოვიტანო განსახილველად. დღეს თავდაცვის კოდექსს განვიხილავთ მთავრობის სხდომაზე, ბატონმა ჯუანშერმა წარმოადგინა აღნიშნული კანონპროექტი. ეს არის ერთ-ერთ საოცნებო საკითხი პირადად ჩემთვის და ჩვენთვის ყველასთვის, იმიტომ, რომ ეს უკავშირდება ჩვენს მომავალ თაობას, ჩვენი ახალგაზრდების აღზრდას, მათში პატრიოტული, ეროვნული სულისკვეთების ამაღლებას, გაძლიერებასა და დამატებითი მოტივაციის მიცემას. ძალიან მოკლედ გეტყვით, რას გულისხმობს აღნიშნული კოდექსი. დიდი ხანია მიმდინარეობდა მუშაობა. დეტალურად შევისწავლეთ უცხო ქვეყნების გამოცდილებაც, მათ შორის, საუკეთესო პრაქტიკები დავამუშავეთ. აღნიშნული კოდექსი ძალიან დიდი სიახლე იქნება და, რეალურად, ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები დაიწყება თავდაცვის უწყებაში. პირველი ხედვა, რაც მინდა მოკლედ გითხრათ, ეს არის შემდეგი, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური გადაიხედა, მოხდება ამის რეფორმირება და ყველა პირი, მოქალაქეები გაივლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში. მოგეხსენებათ, მანამდე გაფანტული იყო ეს სამსახური და უნდა ვაღიაროთ, არ იყო ეფექტიანი. ყველა ანალიზის მიხედვით, ეს სამსახური არ იყო ეფექტიანი და არ იძლეოდა იმ შედეგს, რომელიც ჩვენ გვინდა, რომ მივიღოთ. ამიტომ, ამის თაობაზე უსაფრთხოების სისტემაში შემავალი სამინისტროების ხელმძღვანელებთან გვქონდა საუბარი, გავაანალიზეთ ყველამ ერთად და შევთანხმდით, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური გადავა მთლიანად თავდაცვის სამინისტროს სისტემაში. ეს გარდა იმისა, რაზეც მე უკვე ვისაუბრე, რომ დამატებით შეიქმნება ეფექტიანი სისტემა და პროგრამა იქნება 6-თვიანი, 8-თვიანი, 11-თვიანი, იმის მიხედვით, ვინ როგორ კარიერას აირჩევს შემდგომში. მინიმუმ იქნება 6-თვიანი პროგრამა. არ იქნება უბრალოდ თეორიული სწავლება, იქნება ინტენსიური საბრძოლო, სამხედრო მომზადება. ამ პროგრამის დამთავრების შემდეგ, პირს ექნება მოხდილი სამხედრო სავალდებულო სამსახური და მიენიჭება რიგითის წოდება. ამას გარდა, გეტყვით, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზანი იქნება ძლიერი რეზერვის შექმნა. ასევე, ჩვენ ერთად გვქონდა ამის თაობაზე საუბარი, გაწვევას, რეგიონული სამინისტროს ნაცვლად, განახორციელებს თავდაცვის უწყება. ეს პროცესი დაიწყება იანვრიდან, მაგრამ ამოქმედდება 2025 წლის 1 იანვრიდან. მანამდე სამინისტროს სჭირდება მოწესრიგება, სისტემის კარგად მომზადება. ასევე, გვინდა, რომ რეგიონებში ავაშენოთ თავდაცვის ცენტრები, რომ ადგილზე გაუადვილდეთ ჩვენს ახალგაზრდებს, ჯერ ერთი, ინფორმაციის მიღება და, მეორე ის, რომ მაქსიმალურად კომფორტულად მოხდეს ჩაწერა და რეკრუტირება. ეს პროექტი დაგვიჯდება დაახლოებით 80 მილიონ ლარზე მეტი 2025 წლის 1 იანვრიდან. ეს თემა გავლილი გვაქვს და შესაბამისი თანხები მობილიზებული იქნება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა „გირჩის“ მოგონილ პროგრამაზე, რომელიც რეალურად ახალგაზრდებს აბნევდა და სთავაზობდა ალტერნატიულ სამსახურს.

„ვფიქრობ, ქვეყანაში არ მოიძებნება პატრიოტი, რომელიც ამ საკითხზე არ წუხს, არ განიცდის და არ ნერვიულობს. ეს იყო ეგრეთ წოდებული, აი, ეს მავნებლური, „გირჩის“ მოგონილი უმსგავსო, ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი რაღაც პროგრამა, რომელიც რეალურად ახალგაზრდებს აბნევდა და სთავაზობდა ალტერნატიულ სამსახურს. ეს ჩვენ კარგად ვიცით, რომ იყო ფიქტიური, ვითომ რაღაც რელიგიური სამსახური. როგორ შეიძლება, ეს იყო ყველაზე დიდი მკრეხელობა და სისაძაგლე, პირდაპირ დავარქმევ ამ სახელს. არ შეიძლება ამაზე თვალი დავხუჭოთ და ჩვენი ვალია, რომ ეს საკითხი მოვაგვაროთ და მოვაგვარეთ კიდეც, გეტყვით როგორ, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, აღმოიფხვრება საკანონმდებლო ხარვეზი, რაც გამორიცხავს არაკეთილსინდისიერი და ფიქტიური რელიგიური ორგანიზაციების არსებობის შესაძლებლობებს.

„აღმოიფხვრება ეს საკანონმდებლო ხარვეზი, რომელიც მანამდე ბატონმა ზურაბ ჯაფარიძემ, დიდი პატივია ამ მთავრობის სხდომაზე მისი გვარის ხსენება, მაგრამ ვიტყვი, რომ ეს იყო ყველაზე დიდი მავნებლობა, რომელიც მან ჩაიდინა ქვეყნის ახალგაზრდობის და ჩვენი მომავალი თაობის წინააღმდეგ. ამიტომ, დაიხურება ეს ხარვეზი, აღმოიფხვრება და გამოირიცხება მათი არაკეთილსინდისიერი, ეს ფიქტიური, ვითომ რელიგიური ორგანიზაციების შესაძლებლობა. ეს საკითხი გავლილი გვაქვს ჩვენ ასევე საპატრიარქოსთანაც და, შესაბამისი ჩანაწერის მიხედვით, აღნიშნული საკითხი მოგვარდება ერთხელ და სამუდამოდ. ჩვენ აღარ მივცემთ ამ მავნებლებს ჩვენი ახალგაზრდა, ჯანსაღი თაობის არასწორ გზაზე დაყენების საშუალებას. ადამიანს ეუბნებოდნენ პირდაპირ, რომ თავი აარიდე შენს მთავარ კონსტიტუციურ მოვალეობასო. ამაზე დიდი მავნებლობა და მტრობა შენი ქვეყნის, რა შეიძლება იყოს? ასე რომ, ეს საკითხი მოგვარებულია,“ – აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ 23 წლამდე სტუდენტები, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ სამხედრო წვრთნა გაიარონ სტუდენტობის პერიოდშივე, 4 წლის ვადაში შეეძლებათ პროგრამაში ჩართვა, წელიწადში დაახლოებით 1-თვიანი ინტენსიური მომზადების პროგრამა ექნებათ სამხედრო ბაზებზე და იდენტურ, ძირითად სამხედრო მომზადების პროგრამის გაივლიან.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, პროგრამის ამოქმედებიდან 4 წლის თავზე, წელიწადში დაახლოებით 10 000 წვევამდელს მოამზადებს თავდაცვის სამინისტრო, პროგრამის სრულად ამოქმედების შემდეგ კი, 10 წელიწადში, მინიმუმ 100 000 კაციანი რეზერვი ეყოლება ქვეყანას.

„ვიფიქრეთ, რომ აუცილებელია რაღაც უფრო მოქნილი სისტემის შეთავაზება სტუდენტებისთვის. გარდა იმისა, რომ უწყებას არ ექნება საშუალება, რომ ყველა მსურველი თუ წვევამდელი მოამზადოს, ჩვენ ვიფიქრეთ, რომ საჭიროა უფრო მოქნილი სისტემის შეთავაზება სტუდენტებისთვის. შესაბამისად, სტუდენტები, 23 წლის ასაკამდე, ვინც გადაწყვეტს, რომ სამხედრო წვრთნა გაიაროს სტუდენტობის პერიოდშივე, 4 წლის ვადაში მას შეეძლება, რომ ამ პროგრამაში ჩაერთოს. წელიწადში დაახლოებით ერთთვიანი ინტენსიური მომზადების პროგრამა იქნება სამხედრო ბაზებზე და გაივლიან იდენტურ, ძირითად სამხედრო მომზადების პროგრამას. ანუ, 4-წლიანი პროგრამა იქნება, წელიწადში 1 თვე მოუწევთ სამხედრო ბაზებზე ინტენსიური მომზადება და სტუდენტობის დასრულებისთანავე, 4 წლის შემდეგ, მათ სამხედრო სავალდებულო სამსახურს მოხდილად ჩავუთვლით და მიენიჭებათ რეზერვის რიგითი სამხედრო წოდება. მე მგონი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან კარგი შეთავაზებაა. ჯამში, მეგობრებო, 4 წლის თავზე, ჩვენ დაახლოებით 10 000 წვევამდელს მოვამზადებთ წელიწადში. ყოველ წელს 10 000 წვევამდელს მოვამზადებთ. აქედან ნახევარი სტუდენტი იქნება და ნახევარი – ჩვეულებრივი წვევამდელი, რომლებიც გაივლიან აი, ამ ინტენსიურ პროგრამებს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ერთი მხრივ, ეს მავნებლობა დავარეგულირეთ და მოვაგვარეთ, მეორე მხრივ, ეს იქნება ძალიან ეფექტიანი პროგრამა და გაზრდის ჯარის პოპულარობას, ჩვენს ახალგაზრდებში ავამაღლებთ პატრიოტულ, სამხედრო სულისკვეთებას, მიეჩვევიან სხვა უნარ-ჩვევებს, დისციპლინას, სამხედრო დისციპლინას და, მე ვფიქრობ, ძალიან წარმატებული რეფორმა გამოგვივა. რაც მთავარია, შეიძლება ასე ითქვას, 10 წელიწადში, მას შემდეგ, რაც სრულად ამოქმედდება ეს პროგრამა, მანამდეც შეიძლება, მინიმუმ 100 000-კაციანი რეზერვი ეყოლება ქვეყანას, სამხედრო, საბრძოლო მომზადების მქონე ახალგაზრდა ჩვენი მოქალაქე“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის ახალ კოდექსზე საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ სამხედროებისთვის ბინების მშენებლობა სახელმწიფოს ვალდებულება იქნება, დაჭრა- დასახიჩრების შემთხვევაში, დახმარება 7000 ლარის ნაცვლად – 20 000 ლარი, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპვის შემთხვევაში კი, – ერთჯერადი დახმარება 30 000 ლარი იქნება.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის დროს, ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპვის შემთხვევაში, კომპენსაცია 100 000 ლარით განისაზღვრა, და ეს აჩვენებს ხელისუფლების დამოკიდებულებას სამხედროებისა და პოლიციელების მიმართ.

„ამ კოდექსში სამხედრო მოსამსახურეების სოციალური გარანტიები იყო ჩადებული. მე ადრე ვთქვი, რომ ბინების მშენებლობა არ უნდა იყოს ერთჯერადი, ისე როგორც არ იქნება ერთჯერადი პოლიციისთვის, მანდაც გვინდა, რომ დავარეგულიროთ. კოდექსში ჩაიწერება, რომ ბინების მშენებლობა იქნება სახელმწიფოს ვალდებულება. ეს არ იქნება რომელიმე კარგი მინისტრის კეთილი ნება, ეს უნდა იყოს სახელმწიფოს ვალდებულება და ყოველ 3 წელიწადში ჩვენს სამხედროებს აუშენდებათ ბინები. იგივე გვინდა გავაკეთოთ პოლიციისთვის. ეს უნდა იყოს ჩვენი ვალდებულება. სხვა უამრავი ბენეფიტები და პრივილეგიები განისაზღვრება სამხედროებისთვის. აი, მაგალითად, ღმერთმა ყველა კარგად ამყოფოს და დაჭრა – დასახიჩრების შემთხვევაში, თუ იყო 7000 ლარი კომპენსაცია თუ დახმარება, იქნება 20 000 ლარი. მოვალეობის შესრულების დროს დაღუპვის შემთხვევაში იქნება 30 000 ლარი ერთჯერადი დახმარება. ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპვის შემთხვევაში კომპენსაცია განისაზღვრება 100 000 ლარით. ეს ჯერ კიდევ ბატონი ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო, მისი პრემიერობის დროს, რომელიც მათ შორის, პოლიციელებზეც გავრცელდა და ეს არის ჩვენი დამოკიდებულება ჩვენი ძალოვანი უწყებების მიმართ, ჩვენი გმირების მიმართ, ჩვენი საამაყო სამხედროებისა და პოლიციელების მიმართ“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0