საქართველო-თურქეთის საზღვარზე, სარფის საბაჟო გამშვები-პუნქტის ტერიტორიაზე, ორ ქვეყანას შორის მგზავრთა გადასასვლელი დერეფნის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ყურადღება გაამახვილა საბაჟო სფეროში საერთაშორისო და რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ეს პარტნიორობა არსებითია ქვეყნების ეკონომიკური კეთილდღეობისათვის, რეგიონალური ეკონომიკური ინტეგრაციისათვის, სატრანზიტო პოტენციალის ამაღლებისთვის.
„ბუნებრივია, საერთაშორისო პროექტებში განსაკუთრებული პრიორიტეტია ჩვენს მეზობელ თურქეთთან თანამშრომლობა. თურქეთი არა მხოლოდ ჩვენი მეგობარი ქვეყანა, არამედ – ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორია. დღეს მორიგ ნაბიჯს ვდგამთ ამ ურთიერთობის გასაღრმავებლად. ეს ნაბიჯი ემყარება ორმხრივ სურვილსა და შესაძლებლობას, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მზარდი ეკონომიკური ინტეგრაციის ფონზე, გაძლიერდეს საბაჟო სფეროში კოორდინაციაც“, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.
მან ასევე ისაუბრა მეზობელ ქვეყნებთან ინფორმაციის ელექტრონულად გაცვლის რეჟიმის ამოქმედების მნიშვნელობაზე, რაც ნიშნავს საბაჟო კონტროლის მეტ ეფექტურობას, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საზღვარზე გადაადგილების გამარტივებას.
„ინფრასტრუქტურის უფრო ეფექტური გამოყენებისთვის მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყნებს შორის გამშვები პუნქტების ერთობლივი მართვის, ასევე ელექტრონული ინფორმაციის შეუფერხებელი გაცვლის შესახებ შეთანხმება. ძალზე მნიშვნელოვანია სამმხრივ ფორმატში (საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანი) თანამშრომლობა. პირველ რიგში, ეს, ასევე, გულისხმობს ინფორმაციის ელექტრონულად გაცვლას. სასურველია, სატრანსპორტო დოკუმენტების ჰარმონიზება და გაციფრულება, რის შედეგადაც მიიღწევა – საბაჟო პროცედურების გამარტივება“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
ივანე მაჭავარიანმა მადლობა გადაუხადა თურქულ მხარეს თანამშრომლობისა და ორ ქვეყანას შორის მგზავრთა კომფორტული გადაადგილებისთვის საჭირო ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაში მხარდაჭერისთვის. როგორც მან აღნიშნა, საქართველო მზადაა კიდევ უფრო ენერგიული ნაბიჯები გადადგას ურთიერთობების გაღრმავებისთვის.