საერთაშორისო კონკურსი – 9th International Wine Award 2017- გაიმართა

11/06/2017

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენის WinExpo Georgia 2017-ის ფარგლებში, 9-10 ივნისს ღვინის მე-9 საერთაშორისო კონკურსი – 9th International Wine Award 2017- გაიმართა. კონკურსზე როგორც მსხვილი კომპანიების, ისე მცირე და საოჯახო მარნების, ჯამში 43 კომპანიის, 164 სხვადასხვა სახის ღვინო იყო წარდგენილი. 10 ივნისს, საზეიმო ცერემონიაზე 6 კატეგორიაში გამარჯვებული ღვინოები გამოავლინეს და ოქროს (26 მედალი), ვერცხლის (36), ბრინჯაოს (84) მედლები და საერთაშორისო დიპლომები გადასცეს. წლის საუკეთესო ღვინოებად ღვინის კომპანია შუმის ,,საფერავი გეორგიკა 2013“ (წითელი მშრალი) და კომპანია ქვევრის ღვინის მარანის ,,ქვევრის მწვანე 2016“ (ქვევრის თეთრი მშრალი) აღიარეს.
გამარჯვებულები სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა და კონკურსის ჟიურის წევრებმა დააჯილდოვეს.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ასეთი კონკურსები და გამოფენები მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის.
,,ნამდვილად შთამბეჭდავია წლევანდელ კონკურსში მონაწილეთა და გამარჯვებულთა რიცხვი. ეს მოწმობს იმას, რომ ქვეყანაში დარგი სულ უფრო სწრაფად ვითარდება, იქმნება ახალი ღვინის კომპანიები, ინერგება თანამედროვე ტექნოლოგიები და იწარმოება მაღალი ხარისხის ღვინო. უნდა აღინიშნოს, რომ კონკურსის ჟიურის წევრები არიან მსოფლიოში აღიარებული ღვინის ექსპერტები და სპეციალისტები, რომელთა მოსაზრება და შეფასება მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ასევე საერთაშორისო ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიაზციისთვის“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
წელს პირველად, საუკეთესო ღვინოებს სპეციალური პრიზი ე.წ ,,ტროფი“ (TROPHY) და ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ დაწესებული სახელობითი მედლები გადაეცათ:
• საუკეთესო თეთრი მშრალი ღვინო – ივანე მუხრან-ბატონის სახელობის ოქროს მედალი
მწვანე (2015) – კომპანია ბატონო
• საუკეთესო წითელი მშრალი ღვინო – ალექსანდრე ჭავჭავაძის სახელობის ოქროს მედალი;
საფერავი გეორგიკა (2013) – ღვინის კომპანია შუმი
• საუკეთესო თეთრი ნახევრად ტკბილი ღვინო – დიმიტრი ყიფიანის სახელობის ოქროს მედალი
ტოლიბაში (2016) – კომპანია Wine Products of Spirits
• საუკეთესო თეთრი ქვევრის ღვინო – ზაქარია ჯორჯაძის სახელობის ოქროს მედალი
ქვევრის მწვანე (2016) – კომპანია ქვევრის ღვინის მარანი
• საუკეთესო წითელი ქვევრის ღვინო – ზაქარია ჯორჯაძის სახელობის ოქროს მედალი.
საფერავი (2015) – კომპანია ბატონო
ტრადიციულად, კონკურსში მონაწილე ღვინოები ენოლოგებით, საერთაშორისო ექსპერტებით და სპეციალისტებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეაფასა. წელს კონკურსის ჟიურის წარმოადგენდნენ: ჟიურის თავმჯდომარე, ღვინის მაგისტრი – ტიმ ატკინი (Mr. Tim Atkin MW – ბრიტანეთი), ღვინის მაგისტრი – კენიჩი ოჰაში (Kenichi Ohashi MW – იაპონია), ოსტატი სომელიე – ისა ბალი (Isa Bal MS – თურქეთი), ღვინის ექსპერტი – სარა ებოტი (Sarah Ebot – დიდი ბრიტანეთი), ენოლოგი – მიხეილ მესხი (საქართველო) და ენოლოგი – გოგი დაქიშვილი (საქართველო).
როგორც ჟიურის თავმჯდომარემ, ბრიტანელმა ღვინის მაგისტრმა ტიმ ატკინმა აღნიშნა, ქართული ღვინო, მისი შესაძლებლობა და პოტენციალი უსაზღვრო და ამოუწურავია. მისი თქმით, ყოველწლიურად იზრდება კონკურსში მონაწილე ახალი კომპანიების რიცხვი, რაც მისასალმებელია და იმის დასტურია, რომ დარგი სწრაფად ვითარდება და სწორი გზით მიდის.
9-11 ივნისს, თბილისში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2017 იმართება. წელს გამოფენაში 11 ქვეყანა – საქართველო, სომხეთი, ავსტრია, ბელგია, კვიპროსი, გერმანია, უნგრეთი, იტალია, რუსეთი, თურქეთი და უკრაინა მონაწილეობს. 97 კომპანია 170-ზე მეტი სახის პროდუქციას წარმოადგენენ. უკვე 10 წელია გამოფენის ოფიციალური მხარდამჭერები საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო არიან.
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში გამართული ღვინის მე-9 საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულთა სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთღვინის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე http://georgianwine.gov.ge/geo/new/14103

Tweet about this on TwitterShare on Facebook0