საერთაშორისო, გლობალური ფინანსური სისტემის ნაწილი ვართ და ჩვენი რეაქციის ადეკვატურობის ერთ-ერთი მკაფიო მაგალითი ის არის, რაც მკაფიოდ განვაცხადეთ

21/06/2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდა.

“უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა. მის უდიდებულესობას მინდა გადავუხადო მადლობა კატარში ჩვენი მოწვევისთვის. პირველად ვიმყოფები ამ მშვენიერ ქვეყანაში და მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო მადლიერება. კარგი შესაძლებლობა მეძლევა იმ გამოწვევების შესახებ სასაუბროდ, რომელთა წინაშეც ვიმყოფებით. ნამდვილად განსხვავებულია ახლა სამყარო. ჩვენ ვართ იმის მომსწრე, თუ როგორ იცვლება წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგი. თქვენ თავად ბრძანეთ, რომ უკრაინამდე იყო საქართველო. 2008 წელს ჩვენს ქვეყანაში შემოიჭრა რუსეთი, მოახდინა ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია და ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი კვლავ ოკუპირებული აქვს რუსეთს. თანაც, რუსეთის ჯარები ჩვენს ტერიტორიაზეა და, პრინციპში, მათთან ერთად გვიწევს არსებობა. ეს არის რეალობა. ამდენად, ეს არის მიმდინარე ოკუპაცია. ყველას მინდა შევახსენო, რომ იმ დროს, მოდით, პირდაპირ ვთქვათ, 2008 წელს, მსოფლიოში არავინ დაუთმო საკმარისი ყურადღება იმ ფაქტს, რომ სუვერენული ერი, დამოუკიდებელი ქვეყანა, საქართველო რუსეთის შემოჭრის მსხვერპლი გახდა. რუსეთმა მოახდინა მეზობელი ქვეყნის 20 პროცენტის ოკუპაცია და ამას რეაქცია არ მოჰყოლია. მსოფლიოს ამაზე ადეკვატური, სწორი რეაქცია არ ჰქონია. არანაირი სანქციები არ დაწესებია, არაფერი! ამდენად, 2014 წელს მსოფლიო გაოცებული დარჩა, როდესაც ყველამ ვიხილეთ ყირიმის ანექსია. სულ ახლახან, 2022 წელს გავხდით უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მომსწრე. თქვენს კითხვას რომ ვუპასუხო, სად დგას საქართველო ამ ვითარებაში, – თქვენ უნდა გაიგოთ, რომ იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საქართველო ოკუპირებულია და რომ რუსეთის ჯარებთან ერთად გვიწევს არსებობა, მოდით ღიად ვთქვათ, საქართველო საკმაოდ მოწყვლადია ამ სიტუაციაში. რა თქმა უნდა, გვაღელვებს ჩვენი ერისა და ხალხის უსაფრთხოება. პოლიტიკურად, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ უკრაინას. ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, იქნება ეს გაერო, ევროკავშირი, ეუთო – ჩვენ 260 და მეტ რეზოლუციას და განაცხადს მივუერთდით, ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო. რა თქმა უნდა, საერთაშორისო, გლობალური ფინანსური სისტემის ნაწილი ვართ და ჩვენი რეაქციის ადეკვატურობის ერთ-ერთი მკაფიო მაგალითი ის არის, რაც მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ინდივიდუალურად არც ერთ კომპანიას ექნებოდა უფლება საქართველოს გამოყენებით მოეხდინა სანქციების გვერდის ავლა. ამის მკაფიო მაგალითია „ვითიბი” ბანკი, – როგორც კი სანქციების ქვეშ მოექცა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, მთავრობასთან ერთად ძალიან მჭიდროდ იმუშავა და სწრაფად, ერთ კვირაში მოვახდინეთ ამ საქმის ჯეროვანი მართვა და მოვაგვარეთ ეს საკითხი. თუმცა, მკაფიოდ დავაფიქსირეთ, რომ ჩვენ, ქართველები, ძალიან გასაგები მიზეზების გამო რუსეთს ე.წ ეროვნულ სანქციებს ვერ დავუწესებთ, რადგან ჩვენი ეროვნული ინტერესები, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური გამოწვევები გვაქვს. პრინციპში, ეს ჩვენი მოტივაციაა. საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც არ დაუწესა რუსეთს ეროვნული ეკონომიკური სანქციები, ჩვენი ქვეყნის მოწყვლადობის გამო. ვერ იპოვით ბევრ ქვეყანას მსოფლიოში, რომელიც რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ჩვენი გეოგრაფიის გათვალისწინებით, იოლად გაიგებთ, სად ვიმყოფებით. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ მთავრობის მეთაურის რანგში, მე ვალდებული ვარ ვიფიქრო ჩვენი ხალხის უსაფრთხოებაზე. რა თქმა უნდა, პოლიტიკურად, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, სრულ კოორდინაციაში ვართ ჩვენს საერთაშორისო – ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან. სწორედ ეს არის ჩვენი პოზიცია. აი, მაგალითად, მოლდოვა, რომელიც ასოცირებული ტრიოს შემადგენლობაში შემავალი ქვეყანაა, – მას არ დაუწესებია რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციები და ეს ძალიან გასაგები მიზეზების გამო მოხდა. მათ შეიძლება უფრო მეტი გამოწვევა ჰქონდეთ უსაფრთხოების კუთხით.
ევროკომისიის გადაწყვეტილება უსამართლოა, მაგრამ, რა თქმა უნდა, გვესმის. ჩვენ ევროპელი ლიდერებისგან გვსმენია, რომ უკრაინისთვის სტატუსის მინიჭება იმის გამო გადაწყვიტეს, რომ ქვეყანა ომშია, ხოლო მოლდოვა მისი მოსაზღვრე ქვეყანაა და ძალიან რთულ ვითარებაშია. ეკონომიკურად და უსაფრთხოების კუთხით რთული ვითარებაა იქ და ა.შ. რა თქმა უნდა, საქართველოს თუ შევადარებთ და ჩვენთან ჩატარებულ რეფორმებს თუ გადავხედავთ, ეს რომ დამსახურების საფუძველზე განხორციელებული პროცესი ყოფილიყო, საქართველო, რა თქმა უნდა, პირველი ქვეყანა იქნებოდა, რომელსაც კანდიდატის სტატუსი მიენიჭებოდა. რატომ? იმიტომ, რომ ძალიან კონკრეტული შედეგები გვაქვს. ძალიან მკაფიო მუშაობა და შედეგები გვაქვს. თუმცა, სამივე ქვეყანას – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას ევროპული პერსპექტივა მიენიჭა, რაც ევროკავშირის ისტორიულ გადაწყვეტილებას წარმოადგენს. რატომ? ევროპული პერსპექტივა იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრი სახელმწიფო გახდება. რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება კანდიდატის სტატუსი გარკვეული პირობებით, მაგრამ ძალიან მკაფიოდ მინდა ვთქვა, რომ პირობები სამივე ქვეყანას განესაზღვრა. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა. სხვა ასოცირებულ ქვეყნებთან მიმართებითაც იგივე ხდებოდა და მოგვიანებით კანდიდატის სტატუსი ენიჭებოდათ. როგორც განვაცხადე, ევროპელი ლიდერების ოფიციალური პოზიცია მოვისმინეთ. მაგალითად, პრეზიდენტმა მაკრონმა რამდენიმე დღის წინ საჯაროდ ბრძანა, რომ ევროკავშირმა უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იმის გამო გადაწყვიტა, რომ ქვეყანა ომშიაო. ეს არის ე.წ. წახალისება. ვიტყოდი, რომ ერთგვარი ბონუსია. ჩვენი მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ჩვენ, ჩვენმა პარტიამ და ჩვენმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რაც შეგვეძლო, 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან – ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას, უვიზო მიმოსვლის რეჟიმს, ახლა კი, ოფიციალურად წარვადგინეთ განაცხადი. რაც შეეხება ნატოში გაწევრიანებას, ეს არის ჩვენი მიზანსწრაფვა. 2017 წელს საკონსტიტუციო ცვლილებები განვახორციელეთ და მასში განვსაზღვრეთ საქართველოს საგარეო-პოლიტიკური კურსი. ეს იყო ჩემი პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს, 2015 წელს, როდესაც ნატოსთან ერთობლივი წვრთნების ცენტრი გავხსენით. უწყების გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი იმყოფებოდა თბილისში. ამიტომ, ეს არის ჩვენი ძალიან მჭიდრო თანამშრომლობის მკაფიო დემონსტრირება. ეს არის ჩვენი მოტივაცია ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. მაგრამ, რა თქმა უნდა, სტრატეგიული მოთმინება და სტრატეგიული მზაობა გვაქვს. ვიცით, რომ მხოლოდ ჩვენს ნება-სურვილზე არ არის ყველაფერი დამოკიდებული. ნატოში გაწევრიანებას ალიანსის ყველა წევრი სახელმწიფოს კონსენსუსი სჭირდება. ნატოს წევრი სახელმწიფოები უნდა შეთანხმდნენ წევრობის მინიჭებაზე. მოდით, აქაც ღიად ვთქვათ, არა ვართ მიამიტები. გვესმის, რომ საქართველოს პრობლემები აქვს. ტერიტორიული პრობლემები გვაქვს რუსეთთან. ჯერ ის უნდა გადავჭრათ და მერე გავხდეთ ნატოს წევრი. ეს არის ჩვენი ევროპელი და ნატოელი პარტნიორების აზრი. თქვენს კითხვაზე, რუსეთთან ტერიტორიული პრობლემის გადაჭრას პუტინთან ურთიერთობა სჭირდება თუ არა, – დიახ. საუბარი დავიწყე ჩვენი გამოცდილებით. ხომ ასეა? 2008 წელს სრულმასშტაბიანი ომი გვქონდა. 90-იან წლებში, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა დაიბრუნა, ორი ომი გამოვიარეთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში. რუსები 30 წლის წინ ამ სეპარატისტულ ჯგუფებს ეხმარებოდნენ. ამიტომ, რუსეთის წინააღმდეგ ბოლო 30 წლის განმავლობაში სამჯერ ვიბრძოლეთ. ამდენად, ჩვენი მთავრობის პოლიტიკა მდგომარეობს შემდეგში: ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი აღდგეს მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით. ჩვენ, მე და ვლადიმერ პუტინს, 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან კონტაქტი არ გვქონია. პოლიტიკური კონსულტაციები არ წარმოებულა. მხოლოდ ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები გვაქვს. ეს არის რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0