”ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან პრემიებსა და დანამატებზე საუბარი უხერხულია, – ამის შესახებ თბილისის მერმა
საკრებულოს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ”ნაციონალური მოძრაობა” მხოლოდ და მხოლოდ სიცრუის პროპაგანდაში ხარჯავდა თბილისელებისთვის განკუთვნილ თანხებს.
”რაც შეეხება კიდევ ერთ საკითხს, რაზეც მუდმივად აპელირებთ, ეს გახლავთ – პრემიების თემა! უხერხულია უბრალოდ, რადგანაც სწორედ, თქვენი ხელისუფლებაში ყოფნისას, თბილისის მერიის ბიუჯეტიდან გაიცემოდა კოლოსალური თანხები პრემიებისა და დანამატების სახით. დიახ, სწორედ, თქვენი მაღალჩინოსნები, მათ შორის ის პირები, ვინც ახლა დარბაზში სხედხართ, იღებდნენ განუსაზღვრელი ოდენობის პრემიებს იმ თანხიდან, რომელიც თბილისელებს და მათ კეთილდღეობას უნდა მოხმარებოდა. მე შემიძლია ციფრებით გესაუბროთ, მაგალითად : 2012 წელი – პრემიის სახით გაცემულია 10 698,5 ათასი ლარი; 2013 წელი – პრემიის სახით გაიცა 17 110,5 ათასი ლარი; 2014 წელი – 15 833,8 ათასი ლარი. მაშინ, როცა 2015 წელს, ჩვენ ეს თანხები გავანახევრეთ და პრემიის სახით გავეცით თქვენს მიერ გაცემული თანხების ნახევარზე ნაკლები – 8 893,1 ათასი ლარი”, – აღნიშნა ნარმანიამ.
თბილისის მერის თქმით, ხელისუფლებამ მდედაქალაქის საპრემიო ფონდი მინიმუმზე დაიყვანა და მინიმუმამდე შემცირდა დანამატები.
”ბოლო 4 წლის განმავლობაში დახარჯული გაქვთ 15 მლნ ლარზე მეტი, ჩვენ ამ ყველაფერს საქმეს ვუპირისპირებთ. ჩვენ დღეს, სწორედ, 9 წლიან უმოქმედობას ვიმკით თბილისში. სად არის თქვენი დაგებული გზები, თქვენი გაკეთებული საქმეები, რაში იღებდით პრემიებს? თუ 2 წელიწადში დაინგრა გზები, გაჩნდა ორმოები და დაზიანდა ქალაქის ინფრასტრუქტურა? – აი, ამ უმოქმედობაში იღებდით თქვენ კოლოსალურ თანხებს. მაშინ, როცა თქვენ პარტიული ნიშნით არაფრისთვის უხდიდით მილიონებს სამეთვალყურეო საბჭოებში ვითომდა დასაქმებულ პირებს, რომლებიც სამსახურშიც კი არ დადიოდნენ”, – აღნიშნა ნარმანიამ.