სადღეისოდ პოლიტიკური კოალიცია აღარ არსებობს და როგორც შეიძლება მინისტრები მოწინააღმდეგე პარტიებიდან იყვნენ?! – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტია “ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა გია ვოლსკიმ პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის მიერ “კვირის პალიტრისთვის“ მიცემული ინტერვიუს კომენტირებისას განაცხადა, სადაც უსუფაშვილი ამბობს, რომ “ქართულმა ოცნებამ“ “რესპუბლიკელებს“ თანამშრომლობის გაგრძელების სანაცვლოდ, პარტიის დატოვება შესთავაზა.
“წინასაარჩევნო პერიოდია. “რესპუბლიკური პარტია“ აპირებს გამოვიდეს ყველა პარტიის, მათ შორის “ქართული ოცნების“ ოპონენტად და პარლამენტში მოიპოვოს უმრავლესობა. ეს არის ჩვეულებრივი ფორმულა, რასაც არჩევნები და ხელისუფლებისთვის პოლიტიკური ბრძოლა ჰქვია. მე არ ვიცი, სად მიიღო ასეთი შეთავაზება დავით უსუფაშვილმა, მაგრამ ვფიქრობ, რომ უსუფაშვილი შესანიშნავი პარლამენტის თავმჯდომარე იყო – არასდროს არავის მისი პარტიული მიკერძოება არ უგრძვნია. რა საკვირველია, თუკი მომავალში “რესპუბლიკური პარტიის“ წევრები თავის პოსტებზე გადაწყვეტდნენ, რომ მათთვის პარტიული კუთვნილება და წინასაარჩევნო ბრძოლა მთავარი არ არის და მთავარია ის მიმართულებები, რასაც ხელმძღვანელობენ, რა საკვირველია, დავით უსუფაშვილზე მე ვიფიქრებდი, რომ კარგი იქნებოდა ის ყოფილიყო უმრავლესობაში და ყოფილიყო პარლამენტის თავმჯდომარე. ეს განმიცხადებია დახურულ და ღია შეხვედრებზეც. მე ვფიქრობ, რომ გიგლა აგულაშვილი დარგს კარგად ხელმძღვანელობს და სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ამ მნიშვნელოვანი დარგის ხელმძღვანელობის გაგრძელების შესახებ. ვფიქრობ, რომ პაატა ზაქარეიშვილმა და თინა ხიდაშელმა საკმაოდ ჩამოყალიბებული, პარტიულ კუთვნილებაზე ხაზგასმული პოზიციები არა ერთხელ გამოხატეს და აქედან გამომდინარე, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ პოლიტიკურ პარტიაში რჩებიან და პოლიტიკურ ასპარეზზე გამოდიან, როგორც ერთ-ერთი კანდიდატები“, – განაცხადა ვოლსკიმ.
შეკითხვაზე, თუკი წინასაარჩევნოდ, პარტიული კუთვნილება უხერხულობას და შეუთავსებლობას არ ქმნის პარტია “ქართული ოცნების“ წევრი თანამდებობის პირებისთვის, რატომ გახდა ეს მიუღებელი “რესპუბლიკელების“ შემთხვევაში, ვოლსკიმ განაცხადა, რომ “ასეთი მიდგომა ძალიან მიამიტურია“.
“ეს მიამიტურია, რადგან წინასაარჩევნო პერიოდში მათ აქვთ პარტიული ინტერესი, არიან გუნდში, რომელიც მანდატების მოსაპოვებლად ცალკე მუშაობს. ასეთი რამ დასაშვებია ისეთ შემთხვევაში, თუკი პარტიებს შორის შეთანხმება შედგება და ჩამოყალიბდება კოალიციური მთავრობა, მანდატების იმ რაოდენობისა და წონის მიხედვით, რასაც ამომრჩეველი ამა თუ იმ პარტიას მისცემს. თუკი იმის აუცილებლობა დადგა, რომ მომავალ პარლამენტში მთავრობის შესაქმნელად კოალიციური გაერთიანება უნდა მოხდეს, მაშინ ეს აუცილებლი იქნება, როგორც ეს ბევრ სხვა ქვეყანაში ხდება. პოლიტიკური კოალიცია აღარ არსებობს და როგორც შეიძლება მინისტრები მოწინააღმდეგე პარტიებიდან იყვნენ?!“, – განაცხადა ვოლსკი.