საგურამოს ადმინისტრაციულ ერთეულზე, რომლის შემადგენლობაში შედიან სოფლები: საგურამო, ახალსოფელი, შანკევანი, წიწამური, არაშენდა, ჯიღაურა და დაბა ზაგესში პლატინის ქუჩა, სოფლის პროგრამის ფარგლებში 2016 წლისთვის გამოყოფილია 77 030 ლარი, რომელიც სოფლებზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გადანაწილდა.
ამ თანხებითა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების მეშვეობით შესაძლებელი გახდა ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში საჭირო და წელს მნიშვნელოვანი სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარება, რომელიც ადგილობრივმა მოსახლეობამ გაზაფხულზე სოფლის კრებებზე გადაწყვიტა.
საგურამოში მიმდინარეობს სარიტუალო სახლის მშენებლობა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში; დაგეგმილია საგურამოში მცხოვრები სამაჩაბლოდან დევნილი მოსახლეობისთვის სკვერის მოწყობა; მოსაპირკეთებელი სამუშაოები ჩატარდა ახალგაზრდული სახლის გარე და შიდა პერიმეტრებზე; ახალსოფლის, შანკევანის, არაშენდასა და ჯიღაურას ტერიტორიებზე გაკეთდა გარე განათებები, რომლისთვისაც გამოყოფილმა თანხამ ერთიანად 26 912 ლარი შეადგინა; ზაგესში პლატინის ქუჩისთვის შეძენილ იქნა ნაგვის ურნები; წიწამურში მოწესრიგდა საკანალიზაციო სისტემა. ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით განხორციელდა საგურამოს საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაოები. ადმინისტრაციულ ერთეულის ტერიტორიაზე არის რიგი სამუშაოებისა, რომლებიც დაგეგმილია და წლის ბოლომდე განხორციელდება.
მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოები მაქსიმალურად ცდილობენ სოფლისა და მისი მოსახლეობის მნიშვნელოვან და საჭირო ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა – რეაბილიტაციას, ამ მხრივ საგურამოში გასაკეთებელი მომავლისთვისაც ბევრია, რომელიც ეტაპობრივად ყოველ წელს განხორციელდება.
საგურამოში ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა მიმდინარეობს
28/10/2016