რესპუბლიკელი დეპუტატის ლევან ბერძენიშვილის შეფასებით, საგარეჯოს შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით, პროკურატურაში დაწყებული ძიება იმ ლოგიკური დასკვნით დასრულდა, რითაც უნდა დასრულებულიყო.
როგორც ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დადგენილია, რომ საგარეჯოს არჩევნებში დანაშაულის ნიშნებს ადგილი არ ჰქონია და თამარ ხიდაშელი არის პატიოსან არჩევნებში არჩეული პარლამენტარი.
“საგარეჯოს შუალედური არჩევნები არ იყო პირველად განხილვის საგანი, ყველა ინსტანციაში, რაც კი არსებობს – იქნება ეს ადგილობრივი თუ ცენტრალური საარჩევნო კომისია, სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოები, ყველგან შემოწმდა და ითქვა, რომ არჩევნებში დარღვევები არ ყოფილა. ამის შემდეგ პროკურატურამ მოკიდა ხელი. ვერ გეტყვით, რომ ეს იყო პროკურატურის ენერგიის ყველაზე სწორი ხარჯვა, რადგან ვფიქრობ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები მეტ პატივისცემას იმსახურებდა. მაგრამ რადგან არსებობდა საჯარო ინტერესი და რადგან არასამთავრობო სექტორმა საერთაშორისო გამჭვირვალობის სახით დასვა საკითხი, საქმე პროკურატურამ შეისწავლა და დანაშაულის ნიშნები ვერ იპოვა. პროკურატურის გამოძიება ამით დასრულდა”, – განუცხადა ჟურნალისტებს ლევან ბერძენიშვილმა.
მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროკურატურამ საგარეჯოს არჩევნების საქმეზე მიმდინარე გამოძიება შეწყვიტა.