საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

04/06/2021

საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე. ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განმარტებით, 2020 წელს, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა კლებამ წინა წელთან შედარებით 6.2% შეადგინა, რაც საკმაოდ მძიმედ აისახა ეკონომიკაზე.

„პანდემიამ, როგორც ვაჭრობის ასევე ტურიზმის ინვესტიციების შემცირება გამოიწვია, რის გამოც უარყოფითი ეკონომიკური ზრდა გვქონდა“, – განაცხადა მომხსენებელმა.

მისი ინფორმაციით, საგარეო ვაჭრობა შემცირდა 12%-ით, ხოლო იმპორტი 15,6%-ით. გიორგი კაკაურიძის განცხადებით, გასულ წელს ყველაზე მეტად პანდემიამ ტურიზმი დააზარალა. მისივე ინფორმაციით, წმინდა ფულადი გზავნილები წინა წელთან შედარებით 9.6 %-ით გაიზარდა ხოლო უცხოური ინვესტიციების მოცულობა შემცირდა 52.9%-ით. მომხსენებლის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დაგეგმილთან შედარებით, ნაერთ ბიუჯეტში გადასახადების შესრულებამ შეადგინა 104%, დეფიციტი მაინც საკმაოდ მაღალი, 9,3% იყო.

„ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილი დაგეგმილთან შედარებით გაიზარდა 1,5 მლრდ-ით. მათ შორის, ჯანდაცვის მიმართულებით დაიხარჯა 418 მლნ ლარი, მოსახლეობის სოციალური დაცვის მიმართულებით 918 მლნ ლარი, ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით მიემართა 636 მლნ ლარი“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0