საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი რამდენიმე დოკუმენტი განიხილეს.
„უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების აღიარების შესახებ“ გლობალური კონვენცია სხდომაზე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილმა წარადგინა. მისი განმარტებით, გლობალური კონვენცია იუნესკომ 2019 წლის ნოემბერში მიიღო და მის ყველა წევრს მოუწოდა კონვენციის რატიფიცირება.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, დღეს სხდომაზე წარდგენილი გლობალური კონვენცია ხელს უწყობს უმაღლესი განათლების სფეროში თანამშრომლობასა და საქართველოს მიერ უკვე რატიფიცირებული „ევროპის რეგიონში უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების ცნობის“ კონვენციისგან განსხვავებით – ფარავს მთელ მსოფლიოს. კონვენციის რატიფიცირება არამარტო საქართველოს მოქალაქეებისთვის, არამედ იმ სტუდენტებისთვისაც მნიშვნელოვანია, რომლებიც საქართველოში უმაღლესი განათლების მისაღებად ჩამოდიან. გარდა ამისა, კონვენციის აღიარება ხელს შეუწყობს არაფორმალური განათლების აღიარების მექანიზმის განვითარებასაც. ნოდარ პაპუკაშვილმა სხდომაზე ასევე წარადგინა „2022 წლის 30 მარტის „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამა)“ N1 ცვლილების“ წერილ-შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსთვის 358,5 მლნ ევროს ოდენობის სესხის 27,5 წლის ვადით გამოყოფას. აღნიშნული ფინანსური რესურსით დაფინანსდება „საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამა“, რომლის მიზანია რეფორმების განხორციელება განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით. შეთანხმებაში შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს თანხის ჩამორიცხვასთან დაკავშირებული შესრულების ვადების გადაწევას და პროგრამის თანადამფინანსებლად საფრანგეთის განვითარების სააგენტოს ასახვას, რომელიც პროგრამის განხორციელებისთვის გამოყოფს 100 მლნ. ევროს საკრედიტო რესურსის ჩარჩო შეთანხმების ფარგლებში. კომიტეტის წევრებმა სხდომაზე ასევე განიხილეს 2017 წლის 12 ივნისის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი)“ N4 ცვლილება“ და 2017 წლის 17 ივნისის „საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმებაში (ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი)“ ცვლილება, რომელიც სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანმა წარადგინა.
„საქართველოს მთავრობასა და ომანის სასულთნოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმება, კომიტეტის წევრებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა წარუდგინა. როგორც მომხსენებელმა განმარტა, შეთანხმებით ავიასაწარმოებს საშუალება ეძლევათ განახორციელონ საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა თავიანთი ქვეყნების ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ პუნქტებს შორის; ხოლო ტარიფები და ფრენების სიხშირე განსაზღვრონ დამოუკიდებლად საავიაციო ბაზარზე არსებული მოთხოვნის შესაბამისად. კომიტეტის სხდომაზე განიხილეს „საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების შესახებ“ და ასევე, „მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის შესაბამის დადგენილებებში შესატანი ცვლილებები.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირეს
01/03/2024