საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციების 2023-2024 წლების ანგარიშები მოისმინეს. პარლამენტის თავმჯდომარემ და საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა შალვა პაპუაშვილმა კოლეგებს საანგარიშო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გააცნო.
„ღირებული და მნიშვნელოვანია საქართველოს მონაწილეობა მრავალმხრივ ფორმატებში, რაც განსაკუთრებული შესაძლებლობაა გლობალური გამოწვევების განხილვისთვის, სხვადასხვა ქვეყანასთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკისადმი მხარდაჭერის გაძლიერებისთვის. აღნიშნული ფორმატები მნიშვნელოვანია, რადგან გვეძლევა კონტაქტების დამყარების შესაძლებლობა ისეთ პარლამენტებთან, რომლებთანაც გეოგრაფიულად წვდომა ადვილი არ არის“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საანგარიშო პერიოდში, საპარლამენტთაშორისო კავშირში(IPU) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო 2 ასამბლეაში და ახალგაზრდა პარლამენტართა გლობალურ კონფერენციაში. მისივე თქმით, ასამბლეის მსვლელობის პარალელურად, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ორმხრივი შეხვედრები გამართა როგორც პარლამენტების თავმჯდომარეებთან ასევე საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებთან. პარლამენტის თავმჯდომარემ კომიტეტს ასევე მიაწოდა ინფორმაცია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში (AIPA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მონაწილეობაზე AIPA-ის 44-ე გენერალურ ასამბლეაში.
„აღსანიშნავია, რომ ეს პირველი გენერალური ასამბლეა გახლდათ, სადაც საქართველოს პარლამენტის დელეგაცია დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, გენერალური ასამბლეის მსვლელობის პარალელურად, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ გამართა ორმხრივი შეხვედრები. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის შეფასებით, რაც უფრო მეტ რეგიონულ ასამბლეაში ვიქნებით დამკვირვებლის სტატუსით წარმოდგენილი, მით უფრო მეტი შესაძლებლობა გვექნება, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები წინ წავწიოთ არა მხოლოდ ევროპაში და ჩრდილოეთ ამერიკაში არამედ, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში (Interparliamentary Assembly on Orthodoxy (I.A.O.) გაწეული საქმიანობის შესახებ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი ქადაგიშვილმა ისაუბრა. მისი ინფორმაციით, მუდმივმოქმედმა დელეგაციამ 2023 წლის განმავლობაში მონაწილეობა მიიღო: საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს, კომიტეტების თავმჯდომარეებისა და მომხსენებელთა გაფართოებულ სხდომაში; გენერალური ასამბლეის (I.A.O.) რიგით 30-ე საიუბილეო სხდომაში; ასამბლეის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებასა და ფინეთის პარლამენტში (ედუსკუნტა) გამართულ ოფიციალურ შეხვედრებში; ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოსა და რეგლამენტის ცვლილებების კომიტეტის სხდომაში. კომიტეტის სხდომაზე, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის, სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაში (GUAM PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2023 წლის ანგარიში დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით მათიკაშვილმა წარადგინა. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა მნიშვნელოვან აქტივობებზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ. მისი თქმით, ეს იყო ბალტიის ასამბლეის 42-ე სესია, სადაც იყო აქტიური მსჯელობა ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე.