საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი რამდენიმე დოკუმენტი განიხილა. ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განმარტებით, საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს შორის საკრედიტო რესურსის ჩარჩო შეთანხმება ითვალისწინებს საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ სქართველოსთვის 70 მლნ. ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას საქართველოში სარწყავი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განხორციელების მიზნით. მომხსენებლის ინფორმაციით, აღნიშნული ფინანსური რესურსის ნახევარი გამოყოფილია საინვესტიციო პროექტისთვის, ხოლო დანარჩენი მიემართება ბიუჯეტის მხარდამჭერი პროგრამისთვის. გარდა ამისა, პროგრამის დაფინანსების მიზნით დამატებით გამოიყოფა ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო პლატფორმის საინვესტიციო გრანტი 17,5 მლნ. ევროს ოდენობით. გიორგი კაკაურიძემ, ასევე, წარადგინა საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის ორი სასესხო შეთანხმება. ერთი ითვალისწინებს ბანკის მიერ საქართველოსთვის დაახლოებით 14 მლნ. ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას 15 წლის ვადით და აღნიშნული თანხა მოხმარდება აღმოსავლეთ საქართველოში მდგრადი და პროდუქტიული სოფლის მეურნეობის სისტემების გაძლიერებას. მეორე შეთანხმების თანახმად კი ბანკის მიერ საქართველოსთვის დაახლოებით 30,7 მლნ. ევროს ოდენობის სესხი გამოიყოფა 25 წლის ვადით. პროექტის მიზანია კახეთის რეგიონში ქვემო სამგორის მარცხენა მთავარი არხის სარწყავი სისტემის მოდერნიზაცია. პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია ფერმერების მხარდაჭერა სარწყავი და სასოფლო-სამეურნეო წარმოების ტექნოლოგიების მოდერნიზაციისა და გაუმჯობესების მიზნით. კომიტეტის სხდომაზე ასევე განიხილეს „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებაში შესატანი ცვლილება №1. როგორც მომხსენებელმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნინო ენუქიძემ განმარტა, აზიის განვითარების ბანკმა საქართველოსთვის გამოყო დაახლოებით 13,6 მლნ. ევრო, რომელიც მოხმარდება საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი მოსამზადებელი ღონისძიებების განხორციელებას. სასესხო შეთანხმებაში შესატანი ცვლილება ითვალისწინებს სესხის დახურვის თარიღის გადაწევას 2025 წლის 30 დეკემბრამდე და პროგრამის განმახორცილებელ უწყებად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ხოლო პროგრამის შემსრულებელ უწყებად აღნიშნული სამინისტროს სისტემაში შემავალი სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს დამატებას.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
04/12/2023