საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „საქართველოს მთავრობასა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმება განიხილა. შეთანხმება სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა წარადგინა.
„შეთანხმების განახლება განაპირობა გაერთიანებული სამეფოს მიერ ევროკავშირის დატოვებამ. აღნიშნული პროცესის შემდეგ გაერთიანებულმა სამეფომ დაიწყო ყველა ორმხრივი ხელშეკრულების გადახედვა. საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის გაფორმებული შეთანხმება ეფუძნება ლიბერალურ პრინციპებს“, – განაცხადა მომხსენებელმა.
აღნიშნული შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს შორის რეგულარული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების განხორციელებას, თავისუფალი კონკურენციის ამაღლებას, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას და ქვეყნებს შორის ტურიზმის განვითარებას. შეთანხმების თანახმად, ავიასაწარმოებს საშუალება ეძლევათ დამოუკიდებლად განსაზღვრონ ტარიფები, ტევადობა და სიხშირე. დოკუმენტის მიხედვით, საჰაერო მიმოსვლა შესაძლებელი იქნება ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ პუნქტებს შორის, საიდანაც განხორციელდება საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა. ასევე დარეგულირდება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ფრენის უსაფრთხოება და საავიაციო უშიშროება, უფლებების მინიჭება, ავიაგადამზიდველების დანიშვნა, ჩიკაგოს კონვენციის გამოყენება, ავიაკომპანიების მიერ ერთობლივი კოდების გამოყენება. დღესვე გაიმართა საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომა, სადაც საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიში მოისმინეს, რომელიც დადებითად შეფასდა. ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ იანვარ-სექტემბრის შუალედის მაკროეკონომიკური პარამეტრები მიმოიხილა. მისი თქმით, საანგარიშო პერიოდში მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.8 % შეადგინა. მომხსენებლის ინფორმაციით, ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი შეადგენს 4.9 %-ს. საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 15 910.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 16.5 %-ით მეტია, საიდანაც ექსპორტი 4, 6 მლნ აშშ დოლარს, ხოლო იმპორტი – 11,3 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. მთავრობის წარმომადგენლის ინფორმაციით, გაზრდილია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, რომელმაც 3 251 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მისივე თქმით 16%-იანი ზრდა არის ფულად გზავნილებზე. რაც შეეხება ნაერთი ბიუჯეტის პარამეტრებს, მომხსენებლის ინფორმაციით, დაგეგმილი შემოსავლები შესრულებულია 104.3%-ით. რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის პარამეტრებს, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულია 13 732 482.2 ათასი ლარი, ანუ შემოსავლები შესრულებულია გადაჭარბებით, 103.5%-ით ლარით. რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, გეგმა იყო 16 მლრდ 16 მლნ ლარი, საკასო შესრულება – 15 მლრდ. 769 მლნ ლარი, რაც არის დაგეგმილ მაჩვენებელთან მიმართებაში 98,5%, ხოლო წლიური გეგმა შესრულებულია 72.1%-ით. ცალკეული უწყებების მიერ ბიუჯეტის შესრულების შესახებ საუბრისას, მთავრობის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ თითქმის ყველა სამინისტროს მიერ ბიუჯეტის შესრულება არის მაღალი.