საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ესტონეთის დელეგაციას შეხვდა

28/11/2016

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი შეხვდა ესტონეთის პარლამენტის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ჰანეს ჰანსოს და მის თანმხლებ ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაციას, რომლებიც საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებიან.
მინისტრის პირველმა მოადგილემ კმაყოფილებით აღნიშნა, რომ საქართველოსა და ესტონეთს შორის განსაკუთრებული მეგობრობა და გამორჩეული პარტნიორული ურთიერთობები არსებობს. მან ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერ თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, როგორც პრაქტიკული და ექსპერტული დახმარების, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, აგრეთვე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერის თვალსაზრისით.
მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე. დავით ზალკალიანმა ესტონეთის დელეგაციას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული ვითარების შესახებ.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესსა და ნატო-ს ვარშავის სამიტის შედეგებს. ჰანეს ჰანსომ აღნიშნა, რომ ქვეყანაში რეფორმების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და მადლობა გადაუხადა საქართველოს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0