საგარეო საქმეთა მინისტრი კრისტიან ვიგენინს შეხვდა

25/05/2016

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე შეხვდა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში კრისტიან ვიგენინს.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება. ყურადღება გამახვილდა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განლაგებული ე.წ. „მესაზღვრეების“ მიერ ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საქართველოს მთავრობის კონტროლირებულ ტერიტორიაზე, საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე.

საუბარი აგრეთვე შეეხო მიმდინარე წლის 1-5 ივლისის, თბილისში დაგეგმილ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე, საიუბილეო სესიის გამართვას. აღინიშნა, რომ ქართული მხარე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მსგავსი მასშტაბის ღონისძიების მასპინძლობას და გამოხატავს მზადყოფნას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, აღმოუჩინოს დახმარება საპარლამენტო ასამბლეას, ყოველწლიური სესიის მაღალ დონეზე გამართვის მიზნით.

შეხვედრაზე ყურადღება ასევე დაეთმო მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს. საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა, არჩევნები მაქსიმალურად ღიად, დემოკრატიულად და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს. მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა არჩევნებზე მონიტორინგის პროცესში საერთაშორისო დამკვირვებლების, მათ შორის ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ჩართულობის მნიშვნელობას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0