დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე დღეს საქართველოს ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს მოუსმინეს. კომიტეტის სხდომაზე ლევან დავითაშვილი პარლამენტის რეგლამენტის მე-40 მუხლის შესაბამისად, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტები“ შეკითხვებს პასუხობდა, რომელიც ჩინეთში „Belt and Road initiative”-ის ფორუმში მის მონაწილეობას შეეხებოდა, რომელსაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ესწრებოდა.
„თუ ვინმეს უნდა იმის წარმოჩენა, რომ ხელისუფლება რაიმე ფორმით დღეს საქართველოს ინტერესებს აზიანებს და რაიმე ფარულ დიალოგშია, როგორც გავრცელებული იყო არასწორი ინფორმაცია, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს ასე არ არის. საქართველოს ხელისუფლებას ბოლო 10 წლის განმავლობაში რუსეთისთვის არაფერი დაუთმია. თუ გვინდა, რომ ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ და მკაფიოდ ვისაუბროთ ოკუპაციაზე, გეუბნებით, რომ დიახ, რუსეთი ოკუპანტია, რუსეთი მტერია, რუსეთი დამნაშავეა და რუსეთის მიმართ ჩვენ არანაირ კომპრომისზე წამსვლელები არ ვართ საქართველოს ინტერესების საზიანოდ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მან ჩინეთში გამართული ფორუმის – „ერთი გზა, ერთი სარტყელი“ მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ფორუმზე 150 ქვეყანა იყო წარმოდგენილი, მათ შორის ევროკავშირის ათამდე სახელმწიფო იღებდა მონაწილეობას. ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს დელეგაციის ფორუმზე დასწრება ჩინეთის სახელმწიფოს მიმართ პატივისცემის გამოხატვაა, რამდენადაც ეს პირადად პრეზიდენტ სი ძინპინის პირადი მოწვევა იყო. მისივე თქმით, ამ მოწვევის იგნორირება უპასუხისმგებლო დამოკიდებულება იქნებოდა ორი ქვეყნის ურთიერთობების დინამიკიდან გამომდინარე.
„საგარეო პოლიტიკის ნაწილში ჩვენ ვართ თანმიმდევრულები, ჩვენთვის სტრატეგიული მიმართულება და ხაზი არის ევროკავშირთან ინტეგრაცია და საზოგადოება ხედავს, რომ ამ გზაზე ჩვენი პოლიტიკა არის წარმატებული. საქართველოს პატივს სცემენ, არის სანდო მოკავშირე, მათ შორის ევროკავშირის, იგივე ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით. ამ გზაზე ჩვენ მივდივართ ღირსებით და არ გვინდა, რომ ევროკავშირში ვიყოთ მხოლოდ ბენეფიციარები, ჩვენ გვინდა ვიყოთ ევროკავშირის წარმატების კონტრიბუტორები. ამ მიდგომას აფასებენ ჩვენი პარტნიორები და როდესაც დასმული იყო კითხვა, ჩვენი მონაწილეობა ამ ინიციატივაში რამდენად აზარალებს საქართველოს ევროკავშირში წევრობას, ვფიქრობ, ამაზე პასუხი გასცა ევროკავშირის ხელმძღვანელობამ, როგორც კომისიამ, ისე საბჭომ იმ გადაწყვეტილებით, რაც მოვისმინეთ 14 დეკემბერს. ასე, რომ ვფიქრობ, ამაზე სპეკულაცია უსაფუძვლოა“, – განაცხადა მინისტრმა.
როგორც სხდომაზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა განაცხადა, ჩინეთში გამართულ ფორუმში საქართველოს მონაწილეობა მნიშვნელოვანი იყო.
„ჩვენ ჩინეთთან გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთობა, აქედან გამომდინარე, საქართველოს მონაწილეობა ამ ღონისძიებაში მნიშვნელოვანი იყო, რადგანაც შუა დერეფანი, რომელიც საქართველოზე გადის, არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს. მნიშვნელოვანია, რომ ამას ხელი შეეწყოს, რადგან გადაზიდვები არის ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მდგენელი, ამიტომაც, რა თქმა უნდა, ჩვენი დელეგაცია ფორუმში მონაწილეობის მისაღებად უნდა წასულიყო“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.