შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მამუკა საღარეიშვილმა გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტყვიავის საჯარო სკოლა დაათვალიერა და სასწავლო პროცესს გაეცნო. სკოლა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროგრამის ფარგლებში რეაბილიტირდა და სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. პედაგოგებთან და მოსწავლეებთან შეხვედრისას სახელმწიფო რწმუნებულმა ყურადღება გაამახვილა სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას უსაფრთხოების ნორმებისა და რეკომენდაციების სრული დაცვის მნიშვნელობაზე.
“კორონავირუსის პანდემიამ სასწავლო პროცესის მიმდინარეობა შეცვალა, თუმცა 1 თებერვლიდან შიდა ქართლის რეგიონის საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა. სასწავლო დაწესებულებებში დაცულია უსაფრთხოების წესები, ყველა სკოლაში მიმდინარეობს თერმოსკრინინგი და საგანმანათლებლო დაწესებულებები აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით.” – აღნიშნა საღარეიშვილმა.
ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე, 2 კვირაში ერთხელ, მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს სავალდებულო ტესტირება უტარდება. სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, უსაფრთხოების დაცვა, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სახელმწიფოს უმთავრესი პრიორიტეტია.