საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ორგანიზებით, კონფერენცია გაიმართა თემაზე: „უსაფრთხო სკოლა“. ღონისძიებაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, მანდატურის სამსახურის უფროსი ვახტანგ მეიფარიანი, აშშ-ს ამერიკის სკოლის ოფიცერთა ეროვნული ასოციაცია ნასროს (NASRO) აღმასრულებელი დირექტორი ჯეიმს მაურის კენედი, სკოლის მანდატურები და მანდატურის სამსახურის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
მანდატურის სამსახური 2011 წლიდან თანამშრომლობს, აშშ-ს ამერიკის სკოლის ოფიცერთა ეროვნული ასოციაცია ნასროსთან (NASRO). ასოციაცია წარმოადგენს სერტიფიცირებული სამართალდამცავი ოფიცრების, სკოლის უსაფრთხოებისა და საგანმანათლებლო პერსონალის, მათ შორის, მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრატორების უმსხვილეს სასწავლო ორგანიზაციას მსოფლიოში, რომელიც ახორციელებს სამართალებრივ განათლებასთან დაკავშირებული ინოვაციური მიდგომების დანერგვას და სკოლის უსაფრთხოების ოფიცერთა პროგრამების პოპულარიზაციას, როგორც აშშ-ში, ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.
კონფერენციის ფარგლებში ასევე ჩატარდება ტრენინგები საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებისათვის და მანდატურის სამსახურის თანამშრომლებისათვის. ტრენინგების მსვლელობისას მოხდება გამოცდილების გაზიარება მანდატურებისა და ამერიკელი კოლეგების მიერ სკოლებში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის, პრევენციული ღონისძიებების გატარების, მოძალადის გამოვლებისა და შესაბამისი ორგანოების დროულად ინფორმირების საკითხებზე. ტრენინგები დაეხმარება მანდატურებს, უფრო ეფექტიანი გახდეს მანდატურების მუშაობა სკოლებში.