საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენებას დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი

23/08/2017

საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე კენჭი უყარეს და დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი პარლამენტის დადგენილების პროექტს „საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთვარსარდლის 2017 წლის 22 აგვისტოს №5 ბრძანების დამტკიცების თაობაზე“.
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ პარლამენტს გააცნო საქართველოს პრეზიდენტის ბრძანება საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მიზნით შეიარაღებული ძალების გამოყენების შესახებ, რომლის მიხედვითაც ბორჯომისა და ატენის ხეობაში ხანძრის შედეგად გამოწვეული საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით გამოყენებული იქნება საქართველოს შეიარაღებული ძალების გარკვეული შენაერთები.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ისაუბრა სტიქიის ლიკვიდაციის პროცესში საქართველოს შეიარაღებული ძალების ჩართვის მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომ კომიტეტმა განიხილა წარმოდგენილი დოკუმენტი და მხარი დაუჭირა მას.
სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ელენე ხოშტარიამ მადლობა გადაუხადა მეხანძრე-მაშველებს და მეგობარ ქვეყნებს დახმარებისთვის და განაცხადა, რომ საპარლამენტო უმცირესობა მხარს დაუჭერს წარმოდგენილ დოკუმენტს.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ თავისი პატივისცემა გამოხატა სტიქიის წინააღმდეგ მებრძოლთა მიმართ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართულია ხანძრის ლიკვიდაციაში – გაწეული მუშაობისთვის, მეგობარ ქვეყნებს – დახმარებისთვის და საპარლამენტო ოპოზიციასა და უმრავლესობას გამოხატული ერთსულოვნებისთვის მადლობა გადაუხადა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0