საგამოძიებო მოქმედებების დასრულებამდე ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის, ნინო სულხანიშვილის თანამდებობიდან გადაყენება მიზანშეუწონლად მიმაჩნია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ გამოძიება დაადგენს კონკრეტული პირის ბრალეულობის საკითხს, აღნიშნული პირი კანონის შესაბამისად თანამდებობიდან გათავისუფლდება.
”ქალბატონი ნინო სულხანიშვილის გადადგომა მიზანშეუწონლად მიმაჩნია, ვიდრე საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარდება. ეს არის არა მხოლოდ ჩემი მოსაზრება, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საკმაოდ დიდი ნაწილიც ასე თვლის.
არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია. ასე რომ, ვიდრე გამოძიება არ იქნება დასრულებული, არ უნდა ვუწოდოთ დამნაშავე“, – განაცხადა ნარმანიამ.
რაც შეეხება შეკითხვას, მოაწერს თუ არა კონკრეტული საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელების გადადგომის ბრძანებას ხელს, თუკი გამოძიებით მათი ბრალეულობა დადასტურდება, დედაქალაქის მერის თქმით, ასეთ შემთხვევაში ეს კითხვა დღის წესრიგში არ დადგება, ვინაიდან მას ამის ვალდებულებაც ექნება.