საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიაში ”ეთნოფესტი 2016” გაიხსნა

23/09/2016

თბილისის მერი დავით ნარმანია კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ მიხეილ გიორგაძესთან ერთად ტრადიციული რეწვის და დიზაინის სამიტის, „ეთნოფესტ 2016“-ის გახსნას დაესწრო.
ტრადიციული რეწვის და დიზაინის თბილისის საერთაშორისო სამიტი ხელნაკეთი ნივთების პირველი ფართომასშტაბიანი გამოფენაა სამხრეთ კავკასიაში. ერთ სივრცეში თავმოყრილია ტრადიციული რეწვის, გამოყენებითი დეკორატიული ხელოვნებისა და დიზაინის პროდუქცია. სამიტი 25 სექტემბერს დასრულდება.
„ეთნოფესტ 2016“-ზე ადგილობრივ მწარმოებლებთან ერთად, გამოფენილია კავკასიის რეგიონის წარმომადგენელთა ნამუშევრები. ღონისძიებას ესწრებიან საერთაშორისო მყიდველები და წარმატებული დიზაინერები.
დავით ნარმანიას განცხადებით, მერია აქტიურად უჭერს მხარს ტრადიციული რეწვის განვითარებას. მისი თქმით, წელს ყველა მონაწილემ ერთ სივრცეში მოიყარა თავი და საკმაოდ მასშტაბურია.
კავშირების ხელშეწყობის მიზნით, სამიტი, ასევე, მოიცავს პროფესიულ სემინარებს, საკომუნიკაციო შეხვედრებს, საჯარო ლექციებს, პრეზენტაციებსა და სხვა აქტივობებს. სამიტის დასასრულს გამოვლინდება გამარჯვებული ნომინაციაში – „საუკეთესო სტენდი“ .
„სულ უფრო მეტად ფართოვდება ეს ინდუსტრია და მნიშვნელოვანია, რომ კომერციული თვალსაზრისითაც საინტერესო გახდეს. უნდა იყოს მომგებიანი, რომ ამ ადამიანებს დაუფასდეთ შრომა და ამასთან, დააკმაყოფილონ ბაზარზე ხელნაკეთ ნივთებზე არსებული მოთხოვნა. სწორედ ამიტომ, აქტიურად ვუჭერთ მხარს ამ თუ სხვა, მსგავს ღონისძიებებს და მომავალშიც ასე იქნება“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.
„ეთნოფესტ 2016“-ის მხარდამჭრები არიან: თბილისის მერია, საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ფონდი, საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ბრიტანეთის საბჭო –საქართველო. სამიტი ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის პროექტის “ტრადიციული რეწვა საქართველოში, პლატფორმა ეკონომიკური განვითარებისათვის” ფარგლებში ხორციელდება და დაფინანსებულია ევროკავშირის Investing in People პროგრამის მიერ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0