საბურთალოს რაიონში კიდევ ერთი სკვერი გაიხსნა

03/10/2016

საბურთალოს რაიონში, ალექსანდრე ყაზბეგის N27-ში „გალფის პარკი“ გაიხსნა. პროექტი საბურთალოს რაიონის გამგეობასა და კომპანია „გალფს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე განხორციელდა.
სკვერი თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ საბურთალოს რაიონის გამგებელ ბექა მიქაუტაძესა და კომპანია „გალფის“ დირექტორ გიორგი დევაძესთან ერთად გახსნა.
სკვერში დაირგო წიწვოვანი ნერგები, არსებულ ნარგავებს ჩაუტარდა სხვლა – ფორმირება, დამონტაჟდა საქანელები, განახლდა საბავშვო მოედანი, დაიდგა საპარკე ინვენტარი.
„ეს არის კერძო და სახელმწიფო სექტორის თანამშრომლობის ძალიან კარგი მაგალითი. ამ ადგილზე დაგეგმილი იყო კორპუსის მშენებლობა. მერიისა და საბურთალოს რაიონის გამგეობის ჩართულობით მოხდა ადგილმონაცვლეობა და კერძო კომპანიამ მოაწყო სკვერი, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას საშუალებას აძლევს დაისვენოს და ქონდეს მწვანე გარემო“,- ირაკლი ლექვინაძემ.
კომპანია „გალფი“ პირველი აღმოჩნდა იმ კომპანიებს შორის, რომელიც რაიონის გამგებლის, ბექა მიქაუტაძის შეთავაზებას, ქალაქში გამწვანებული ზონების კეთილმოწყობის თაობაზე, გამოეხმაურა. მემორანდუმი, რომელიც ყაზბეგის N27-ში სკვერის კეთილმოწყობას ისახავდა მიზნად, კომპანია Gulf Georgia -სა და საბურთალოს რაიონის გამგებელს შორის მიმდინარე წლის გაზაფხულზე გაფორმდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0