საბურთალოს რაიონის გამგეობა რაიონში არსებულ ერთ-ერთ კვარტალურ ეზოს არქიტექტურულ კონკურსში გამარჯვებული პროექტის მიხედვით მოაწყობს. ამ მიზნით, გამგეობა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის “გარემოს დიზაინის” მოდული ატარებენ კონკურსს ამავე ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. კონკურსის მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ მოამზადონ ნუცუბიძისა და ზაქარიაძის ქუჩებს შორის არსებული ტერიტორიის დიზაინ–პროექტი, რომლის განხორციელებასაც, პროექტის პირობების მიხედვით, საბურთალოს რაიონის გამგეობა უზრუნველყოფს.
საპროექტო ობიექტი მდებარეობს შ. ნუცუბიძისა და ს. ზაქარიაძის ქუჩებს შორის, საცხოვრებელი განაშენიანების ცენტრში. სპორტული მოედნით ორ ნაწილად გაყოფილი, მწვანე სივრცე ოთხივე მხრიდან გარშემორტყმულია სამანქანო გზით.
ნამუშევრების წარდგენა მოხდება არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის “გარემოს დიზაინის” მიმართულებაზე 2016 წლის 5 თებერვლამდე.
სტუდენტთა ნამუშევრებს შეაფასებს ჟიური, რომელიც დაკომპლექტდება ქალაქ თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის და სტუ–ის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის “გარემოს დიზაინის” მიმართულების წარმომადგენლებით.
წარმოდგენილი პროექტების გამოფენა გაიმართება 2016 წლის 10 თებერვალს.